როგორი იქნება ევროზონა საბერძნეთის გარეშე

საბერძნეთში გუშინ გამართული რეფერენდუმის შედეგად, ევროპელი ლიდერები საბერძნეთის ევროზონიდან გავარდნას არ გამორიცხავენ.

5 ივლისის რეფერენდუმის მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები შეასრულოს, 38,7% კი ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა. ბერძენს ამომრჩეველს გუშინდელ რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ.

30 ივნისს საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა. საერთო ჯამში, საბერძნეთის საგარეო ვალი 323 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც საბერძნეთის მშპ-ის 180%-ია.

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal აქვეყნებს სტატიას, სადაც იმ სავარაუდო შედეგებს უსვამს ხაზს, რაც ევროზონას საბერძნეთის დატოვების შემთხვევაში ელის.

მოსახლეობა

ევროზონის მოსახლეობა 3,2%-ით შემცირდება, მაგრამ მათი საშუალო ასაკი გაახალგაზრდავდება. ევროზონაში მოსახლეობის საშუალო ასაკი 39,6 წელია, საბერძნეთში კი 42,3.

ეკონომიკა

ევროზონის ეკონომიკა წარმოების მხოლოდ 1,8%-ს დაკარგავს, ერთ სულ მოსახლეზე მშპ კი 1,5%-ით გაიზრდება.

ვალი

თუ საბერძნეთი ევროზონას დატოვებს, მთავრობის ვალი 3,4%-ით შემცირდება, თუმცა კერძო ვალი მხოლოდ 0,9%-ით.

თავდაცვა

ევროზონის 19 ქვეყანას შორის ერთ სულ მოსახლეზე თავდაცვის ხარჯებით საბერძნეთი მეშვიდე ადგილზეა. საბერძნეთის გარეშე 2014 წელს წლიური სამხედრო დანახარჯი ერთ ადამიანზე 0,4%-ით მაღალი იქნებოდა.

ზეითუნის ზეთი

საბერძნეთის გასვლის შემდეგ ევროზონა ზეითუნის ზეთის წარმოების 24,5%-ს დაკარგავს.

რელიგია

ევროზონაში 84%-ით ნაკლები მართლმადიდებელი ქრისტიანი იქნება.

ქორწინება

ევროზონაში ქორწინების რაოდენობა 4,1%-ით შემცირდება, განქორწინების კი 2%-ით.

სანაპირო ზოლი

ევროზონა 4,6%-ით შემცირდება და 31,3%-ით ნაკლები სანაპირო ზოლი ექნება, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ საბერძნეთის მფლობელობაში დაახლოებით 2 ათასამდე კუნძულია.

მწეველები

ევროზონაში მწეველთა რაოდენობა 4,8%-ით შემცირდება.