დღეს "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" სერვისცენტრი გაიხსნა

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" სერვისცენტრი გაიხსნა.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.  "ეს იქნება ცენტრი, სადაც ცენტრალიზებულად მიიღებს ყველა მეწარმე იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მისთვის საინტერესო იყოს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული პროგრამების ფარგლებში. აქ იქნება კონსოლიდირებული სერვისები. უკვე 80-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ჩვენი პროგრამით, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე და მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება, რაც უკვე დამატებით რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს ნიშნავს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელმა გიორგი ციკოლიამ აღნიშნა, ეს საპილოტე პროექტია.  "ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ მეწარმეებს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, სახელმწიფოს მხრიდან სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება ჰქონდეთ. ეს სერვისცენტრი ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. გარდა ჩვენი სააგენტოსი, აქ ასევე რამდენიმე სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები არიან, მეწარმეს შეუძლია მობრძანდეს და დეტალურად მიიღოს ინფორმაცია როგორც ქონების, ასევე სოფლის მეურნეობის პროექტების და ყველა იმ პროგრამის შესახებ, რომელიც ჩვენ სააგენტოს გააჩნია. ყველა იმ მეწარმეს, რომელიც რეგიონებში მოღვაწეობს, შეუძლიათ ეს სერვისცენტრი თბილისში ყოფნის დროს გამოიყენოს", - განაცხადა ციკოლიამ.

ღია სივრცის პრინციპით მოწყობილ ოფისში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო ინტერნეტით ისარგებლოს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე და გამოიყენოს ბიზნესის კუთხით არსებულ საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ორიენტირებული ბიბლიოთეკა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვისცენტრი თბილსში, უზნაძის ქუჩა 18 ნომერში მდებარეობს.