კახეთში ხილის მცირე მოსავალი მოვიდა

შარშანდელთან შედარებით, კახეთში წელს ხილის რაოდენობა 40-45 პროცენტამდე შემცირდა.

დეფიციტი თითქმის ყველა სახეობის ხილზე აისახება. ამის მიზეზად კახელი გლეხები უამინდობასა და ხანგძლივ წვიმებს ასახელებენ. მათივე თქმით, უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები კენკროვან ხილს შეუქმნა, რადგან ადრე ყვავის. სერიოზული ზიანი მიადგა გარგარს, ტყემალს, ნუშს, ჭერამს, ბალსა და ალუბალს. "ჭერმისა და ტყემლის პრობლემა კახეთში არასოდეს ყოფილა. წელს კი ხილის მოსავალზე კახეთში ხელი ჩაიქნიეს. სამწუხაროდ, წელს ბუნებამ არ შეგვიწყო ხელი და თითქმის ყველა სახეობის ხილი გაფუჭდა, საშინლად მოუსავლიანი წელია, გაზაფხულმა მძიმე გავლენა იქონია", - აცხადებენ კახელი გლეხები.

შესაბამისად, ფასების ზრდამ თავის მაქსიმუმს მიაღწია. ადგილობრივ ბაზარზე ხილი გაზრდილი ფასებით იყიდება, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, წლის ბოლომდე ხილის ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. "წელს ხილი საკმაოდ ძვირი ღირს. რეალიზაციაც შემცირებულია. ხალხს პურის ფული არ აქვს და ხილი ვის რად უნდა?! საღამოს გარეთ რომ გამოხვიდეთ, ხალხი საჭმელს ურნაში ეძებს. ერთი-ორ კილოგრამს ძლივს ყიდულობენ, სიძვირის გამო უმეტესობა ხილის ყიდვისგან თავს იკავებს", - აცხადებენ მოვაჭრეები.

ადგილობრივ ბაზარზე ერთი კილოგრამი გარგარის ფასი 3 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს, ალუბალის ფასი კი 3 ლარს შეადგენს.

თიკო გურაშვილი