რა მოხდება სტიქიის ზონის "მანჰეტენიზაციის" შემთხვევაში და რა ინტერესი შეიძლება იდგეს პროექტის მიღმა

როგორც დაგპირდით, ვაგრძელებთ საუბარს 13 ივნისის კატასტროფის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე, პრევენციაზე, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი მასშტაბის კატასტროფა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს დედაქალაქში მოხდა.

გვესაუბრება გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი ირაკლი მიქაძე.

- როგორც აღნიშნეთ, სვანიძის ქუჩასთან, მდინარე ვერე უნდა გათავისუფლდეს გვირაბისგან, თავის კალაპოტს დაუბრუნდეს და ამავე წინადადებით შედიხართ ხელისუფლებისა და იმ კომისის წინაშე, რომელიც 13 ივნისის შემდეგ შეიქმნა. როგორც ვიცი, დღეს ამ მიმართულებით სულაც არ მიმდინარეობს მუშაობა. როგორ გგონიათ, თქვენს წინადადებას რამდენად გაითვალისწინებენ და აქვს თუ არა მას პერსპექტივა?

- კომისია შეიქმნა პრემიერ-მინისტრმა. ამ კომისის ერთ-ერთი წევრი გამოვიდა და თქვა, რომ საჭიროა მდინარე ვერეს ხეობის წყლის დარეგულირება. თქვეს, რომ შეიძლება დამბები გაკეთდეს, წყალსაცავი, რომელიც ამ ნაკადებს შეაჩერებს და არ მისცემს სწრაფად დაშვების საშუალებას, მაგრამ ამის გამოყენება არაფრით არ შეიძლება.

- რატომ?

- იმ ფაქტორის გამო, რომ როგორც წინა დიალოგში გითხარით, ძალიან სუსტი ეროზირებადი და თიხნარი ნიადაგია, ირღვევა, ვერავითარი დამბა იქ ვერ ჩაჯდება. თუ ჩაჯდა, პირველივე წყლის ნაკადი მას მოარღვევს, ანუ თუ იქ წყალსატევი იქნება. ამ ხეობისთვის დატვირთვა არ შეიძლება. ამ წყალსაცავში ცხადია, გარკვეული რაოდენობის წყალი იქნება, რომლის დონის ცვალებადობა (6-8 მეტრის სიმაღლის ცვალებადობა ხდება) ხეობაში არსებულ ისედაც მყიფე, ეროზირებად თიხებს დაარღვევს. ასე რომ, ის წყალსაცავი თვითონ აღმოჩნდება მომავალში დატბორვის ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ კატეგორიულად არ შეიძლება მდინარე ვერეს ხეობაში და თბილისის ტერიტორიაზეც მსგავსი რამის გაკეთება.

- მოკლედ, არამდგრადი ქანების გამო იქ დამბების გაკეთება არ შეიძლება. მგონი, 5 წელი დასჭირდება იმ დამბის აშენებასო.

- დიახ, არადა, თუ დაიწყეს, 5 წლის განმავლობაში იქ უნდა მოხდეს გზების გაყვანა და ისედაც სუსტი ქანების დამძიმება ავტომანქანების, თვითმცლელების მოძრაობით. ეს ვეებერთელა დატვირთვაა. მერე მოვა კოკისპირული წვიმა და კიდევ მოირღვევა გარკვეული ფართობი. გვირაბიც ისევ იქ იქნება. თან, დამეწყრის ალბათობა ისევ არსებობს...

- დავუშვათ, სვანიძის ქუჩასთან არსებული გვირაბის ლიკვიდაცია მოხდა, გმირთა მოედნის გვირაბს რა ვუყოთ?

- ის ამ დატბორვაში არ მონაწილეობდა. დონემ რომ აიწია და ნაკადი დიდი სიჩქარით წავიდა, წალეკვა ამან გამოიწვია. სხვათა შორის, იქ სხვა გვირაბებიცაა, ვარაზიხევიც გადახურულია და გვირაბშია მოქცეული, გმირთა მოედნის ძირიც გვირაბშია და წარმოიდგინეთ, ახალი გზა რომ გააკეთდეს, იქაც გვირაბებია. ხედავთ, როგორ არის დამახინჯებული და არასწორ არტახებში მოქცეული ბუნებრივი, ცოცხალი და დინამიკური სხეულები?! და ეს ადგილი კატასტროფის საფრთხის ქვეშ სწორედ ამის გამოა.

- როგორც ცნობილი გახდა, ვერეს ხეობაში "მანჰეტენიზაციის" იდეა გაჩნდა. რას იტყვით ამაზე?

- ეს ცენტრის კიდევ ერთი, დიდი ურბანული და არასწორი დატვირთვაა. ჯერ წარმოიდგინეთ, გმირთა მოედანი რამდენად დამძიმებულია გზებითა და საავტომობილო ნაკადებით. ახალი გზის მიუხედავად, გმირთა მოედანთან მიახლოებისას, ყოველთვის საცობი იყო იმიტომ, რომ გმირთა მოედანი ამ საავტომობილო ნაკადებს ვეღარ იღებს - 5 გზა შედის და გადის. წარმოიდგინეთ, ამ პატარა მოედნისთვის რამხელა დატვირთვაა ეს, ქვეშ კიდევ გვირაბი.

ახლა მისი მიმდებარე ტერიტორია განვიხილოთ, ზოოპარკი. მას დიდი ტერიტორია არ აქვს, ისიც მდინარე ვერეს ჭალის ნაწილია. ეს ყველაფერი უდიდეს საფრთხეს ქმნის (ამიტომ მივესალმები ზოოპარკის გადატანას იქიდან), მაგრამ ახლა შემოაგდეს კიდევ ახალი დამამძიმებელი ფაქტორი - პატარა მანჰეტენი. რა არის ეს? თუ არა მაღლივი სახლები, რომელიც უნდა აშენდეს ამ მცირე ტერიტორიაზე. გვეუბნებიან, რომ გააკეთებენ დამბებს, დამცავ ნაგებობებს და ეს სახლები იქნება წყალდიდობისგან დაცული, მაგრამ წარმოიდგინეთ, "მანჰეტენს" ხომ სჭირდება თავისი გზები, ავტოსადგომები, კომუნიკაციები, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაამძიმებს იქურობას, კი არ გააჯანსაღებს. რეკრეაციული ზონა კი არა, თბილისის ცენტრში ერთი მძიმე ურბანული ობიექტი გაჩნდება, რომელიც იქ მაცხოვრებლებისთვისაც საშინელება იქნება. გმირთა მოედანი დაბალ ნიშნულზეა, თან, სიცხეც არის, ცუდი ატმოსფეროც, გამონაბოლქვიც, თან, იქ ავტომანქანების საოცარი შეკრება ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ფანჯრებს ვეღარ გახსნიან. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, არაჯანსაღი გარემო.

- "პატარა მანჰეტენის" იდეა ემზარ ჯგერენაიამ შემოიტანა, არადა, ის ხომ ეკონომისტია. ცოტა უცნაურია...

- დიახ, ეკონომისტია, რა თქმა უნდა, მას ამისთვის არც თანხები აქვს და არც შესაძლებლობა, ფაქტია, რომ მის უკან რომელიღაც, ძალიან დიდი ფინანსური ჯგუფი დგას და ეს საკითხი მას გააჟღერებინეს. ამასთან, უნდათ, რომ გაიტანონ. არსებობს გამოთქმა: "ფული ჯოჯოხეთს ანათებს" და მათ აქვთ იმედი, რომ ამ თანხების საშუალებით მოხდება ამ პროექტის გატანა. ისიც გამოაცხადეს, რომ ეს პროექტი მილიარდ-ნახევარი დოლარი ჯდება. არადა, ეს თანხა თბილისს სულ სხვა მიმართულებით რომ მოხმარდეს, წარმოიდგინეთ, როგორ წაადგება.

- ამ ყველაფრის შემდეგ, მგონია, რომ თბილისის განვითარების გეგმა მართლა არ არსებობს...

- ეს კიდევ ერთი მტკივნეული თემაა: არ არსებობს ქალაქის განვითრების გეგმა, იმიტომაც შემოაგდეს ასე სპონტანურად "მანჰეტენის" პროექტი, თორემ ასეთი გეგმა რომ იყოს, იქ არავითარი მშენებლობა და პროექტის განხილვა არ მოხდებოდა. ქალაქი განვითარების თვალსაზრისით, ცუდ მდგომარეობაშია. მამა დავითისა და მახათას მიმართულებით განვითარება არ შეიძლება, ერთ-ერთი პერსპექტივა თბილისის ზღვის გარშემოა. ადრე იყო პროექტი - თბილისის ზღვა უნდა მოქცეულიყო ცენტრში, მაგრამ ეს პროექტი დრომ შეაჩერა. თბილისის მერია თავის ნამდვილ ფუნქციას მაშინ შეასრულებს და არქიტექტურული სამსახური, როცა დადებს თბილისის განვთარების გეგმას. მოკლედ, ჩემი მეორე წინადადება თბილისის განვითარებისთვის ის არის, რომ მისი პერსპექტიული გეგმა შედგეს და დამტკიცდეს, რომელსაც ხელს ვერავინ მოჰკიდებს და იქნება ყველასთვის მისაღები კანონი.

- როგორ წარმოგიდგენიათ ვერეს ხეობა სამომავლოდ ისე, რომ ქალაქს საფრთხე არ შეუქმნას.

- პირველი, რაც წინა საუბრისას გითხარით, გვირაბების სისტემა უნდა მოიშალოს. გზა, რომელიც გაყვანილია, რომლის დაპროექტება და მშენებლობა ერთად მიმდინარეობდა, სადაც გეოლოგიას არავითარი ყურადღება არ მიექცა, კი არ უნდა აღდგეს, თავიდან უნდა აშენდეს. ის წერტილები, რომლებიც მაღალ ნიშნულებზეა (ხიდები, ესტაკადები), იქ ყველაფერი წესრიგშია. გზა მდინარე ვერემ სად მოგლიჯა? იქ, სადაც ჭალაში იყო პირდაპირ დაგებული ასფალტი. ეს არაფრით არ შეიძლება. გეოლოგიური დასკვნების გარეშე ჭალაში დაუშვებელია მშენებლობა, არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდინარე თავის ადგილებს მაინც დაიბრუნებს, წითელ ხაზს გაავლებს და გვეტყვის, რომ ამ წითელი ხაზის შიგნით ნუ გადმოდიხარ - ჩემია! რაც მთავარია, ეს ადგილები არ უნდა დამძიმდეს მაღლივი შენობებით. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მეწყერი მოძრაობაში მოვიდეს და პირიქით, მისი გამაგრების ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში, კატასტროფები აღარ მოხდება.

- ამბობენ, რომ ადამიანები სტიქიის წინაშე უძლურები ვართ. შეიძლება თუ არა მართლაც სტიქიის მართვა?

- სტიქიის წინაშე რომ უძლურები ვართ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. 3 ივნისს ბუნებამ პირველი სიგნალი მოგვცა, მოვიდა წვიმა და დაიტბორა ძაღლების თავშესაფარი. ამასთან, გამოიძახეს გეოლოგები და დაათვალიერეს მეწყერები, ე.ი. მათ იცოდნენ, რა მდგომარეობაში იყო იქაურობა. მოულოდნელი არაფერი ყოფილა, თუ 3 ივნისს მოხდა, არ შეიძლებოდა 13-ში განმეორებულიყო? ხომ ვიცოდით, რა გველოდა. რა ღონისძიებები იქნა 10 დღეში მიღებული, სირენაც კი არ დამონატაჟებულა.

- როგორ გგონიათ, კომისიის მუშაობა რა შედეგს გამოიღებს?

- ზოგადად, კომისიების ძალიან მეშინია და არ მჯერა. ის იმისთვის იქმნება, რომ სიტუაცია გაიწელოს. ამასობაში, ხალხს თანდათან დაავიწყდება ეს კატასტროფა და შემდეგ კატასტროფამდე ეს მდგომარეობა შენარჩუნდება. აუცილებელია, რომ ამ კომისიის მუშაობის ვადები შეიზღუდოს, ძალიან სწრაფად უნდა იქნას შედეგი დადებული. მე რომ ამ კომისიაში ვიყო, ჩემს წინადადებებს დავაყენებდი. მოვითხოვდი, რომ სვანიძის ქუჩასთან, გვირაბის სალიკვიდაციო სამუშაოები სასწრაფოდ დაიწყოს. თუ ეს გვირაბი გაუქმდება, კატასტროფაც არ იქნება, თუ არადა, ყოველთვის ვიქნებით კატასტროფის გამეორების რისკის ქვეშ. მერიამ უნდა მიიღოს სასწრაფო და ქმედითი ზომები. ეს არის მერიის ყველაზე გადაუდებელი, პირველი სამოქმედო გეგმა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE