"მექანიზატორის" პრივატიზაციის შესახებ კვლევა თვის ბოლოს დასრულდება

"სახელმწიფო კომპანია „მექანიზატორის“ დაგეგმილი პრივატიზაციის შესახებ კვლევა ივლისის ბოლოს დასრულდება," - ამის შესახებ bpn-ს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა.

მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, კომპანიაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნოპარკის ღირებულება 135 მილიონ ლარს შეადგენს. "კვლევის შედეგად გაირკვევა, რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს კომპანიის ქონების განსახელმწიფოებრიობა - ერთიანად, ნაწილობრივ, თუ ლოტებად", - განაცხადა მინისტრმა.

შპს „მექანიზატორი“ დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 9 რეგიონში 13 სერვის-ცენტრითა და 1 ცენტრალური სარემონტო ბაზით არის წარმოდგენილი. კომპანიის მფლობელობაშია 1000-ზე მეტი ტრაქტორი, 100-მდე კომბაინი და 8000-მდე იმპლემენტი. 2013 წლიდან „მექანიზატორი“ აქტიურადაა ჩართული მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში. კომპანიაში დასაქმებულია 1400-მდე ადამიანი.

ბელა ნოზაძე