"არანაირი საუბარი რკინიგზის აღდგენაზე არ შეიძლება იყოს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს"

ადმინისტრაციული ხაზი 300 მეტრითაც რომ არ გადმოწეულიყო, ხაზს ვუსვამ ამას, არანაირი საუბარი აფხაზეთის მონაკვეთზე სატრანზიტო რკინიგზის აღდგენაზე არ შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატში აფხაზეთის რკინიგზის საკითხის შესაძლო განხილვას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის გამორიცხული. "კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატური ქმედებები, როდესაც ხელი ეწერება ინტეგრირების ხელშეკრულებას ჩვენს რეგიონებთან, გამორიცხულია რაიმე ტრანზიტის აღდგენაზე საუბარი. რაც შეეხება მთლიანობაში ტექნიკური საკითხების განხილვას, როგორიც არის, მაგალითად, ლარსის საბაჟოზე ავტომობილების გადასვლა-გადმოსვლის საკითხი, ასეთი საკითხები აქამდეც იდგა, თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ვნახეთ ბოლო დღეების ქმედებები, ძალიან არასახარბიელო ფონია შექმნილი რაიმე ეკონომიკური საკითხების განხილვისა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.