გიგა ბათიაშვილი: სპეციალისტებმა მერიას ახალი გზის მოშლილი მონაკვეთის დროებით აღდგენის რეკომენდაცია მისცეს

არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის ინფორმაციით, სპეციალისტებმა მერიას ახალი გზის მოშლილი მონაკვეთის დროებით აღდგენის რეკომენდაცია მისცეს.

როგორც გიგა ბათიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დედაქალაქის ხელმძღვანელობას სპეციალისტებთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა. მისივე თქმით, გზა მდინარე ვერეს ხეობაში ძალიან მნიშვნელოვანი მაგისტრალია ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში და მისი "გაყინვა" ან მასზე უარის თქმა არასწორია, მაგრამ მეორე მხრივ, ბათიაშვილი სვამს კითხვას - როგორი უნდა იყოს გზა, რომ დაცული ვიყოთ ისეთი შედეგისგან, რაც მოხდა.

"მოდის სექტემბერი, სწავლის დაწყების, მოსახლეობის რეგიონებიდან თბილისში დაბრუნების პერიოდი, თუ ამ დროისთვის გზა არ იქნება ამუშავებული, ამან შესაძლოა სატრანსპორტო სისტემაში ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ამდენად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქალაქიც დაეთანხმა, რომ მოშლილი მონაკვეთი იყოს დროებით აღდგენილი, რათა შეიძლებოდეს მოძრაობის გაცოცხლება მაინც. დამუშავდეს ახალი პროექტი მთელი თბილისის მონაკვეთზე მდინარე ვერეს მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, როგორი უნდა იყოს ღონისძიებები", - აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, იყო რეკომენდაციები, რომ ძირითადი ყურადღება გადატანილი ყოფილიყო თბილისის ზევით, მდინარე ვერეზე რამდენიმე კაშხლის აშენებაზე, რომელიც წყალდიდობის დროს წყლებს დააგუბებდა. მაგრამ არქიტექტორის განმარტებით, ქრესტომატიული გადაწყვეტილება არსებობს, რომ ქალაქების თავზე დამბები არ აშენდეს, რადგან რისკის ფაქტორი მაინც რჩება.  გიგა ბათიაშვილის თქმით, მდინარე ვერეს ხეობაში სასიგნალო აპარატურის დაყენება ძალიან ოპერატიულად მოხდა, რომელიც მდინარის ქცევას გვამცნობს. მისივე ცნობით, გაცემულია დავალებები ყველა მომიჯნავე სფეროზე, რომ კარგად იყოს შესწავლილი ხეობის სარისკო შესაძლებლობები. ამან გარკვეული გავლენა უნდა იქონიოს იმ გზის დაპროექტებაზე, რომელიც ხეობაში უნდა ამუშავდეს.

არქიტექტორის ინფორმაციით, თვის ბოლოს, სხვადასხვა ჯგუფებმა თბილისის გენგეგმის შესაქმნელად კონცეფცია უნდა წარადგინონ.