ლაშა ტუღუში კონფლიქტის ზონაში მიწის რეგისტრაციის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ლაშა ტუღუში კონფლიქტის ზონაში მიწის რეგისტრაციის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ტუღუშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროცესი დაწყებულია, თუმცა მეტი ტემპია საჭირო.  "მიმდებარე სოფლებში მიწის რეგისტრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პროცესი დაწყებულია. გარკვეული პროცენტი ამ მიწებისა დარეგისტრირებულია, მაგრამ დაჩქარება აუცილებელია იმიტომ, რომ დაზარალებული ადამიანების ნაწილი, შეიძლება ითქვას, ჰაერშია გამოკიდებული. ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ მათ სამართლებრივი გზით საერთაშორისო სასამართლოებში სამართალი იპოვონ. ეს ერთ-ერთი ეფექტური გზაა. მე მგონი სახელმწიფომ პროცესი უნდა დააჩქაროს. რამდენდაც ვიცი, აქტიურადაა ჩართული შერიგების სამინისტრო, ასევე იუსტიციის სამინისტრო, მაგრამ მეტი ტემპია საჭირო", - განაცხადა ტუღუშმა.

ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ უნდა დაჩქარდეს მოსახლეობის იმ ნაწილის მიწების რეგისტრაციაც, რომლებმაც თავიანთი მიწა-წყალი დატოვეს, იძულებით გადაადგილებული პირები არიან.  "ის მიწებიც უნდა დარეგისტრირდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს გზა იმისთვის, რომ მეტად ეფექტური გახდეს სარჩელების და საჩივრების სქემები საერთაშორისო სასამართლოებში. ასევე საჭიროა, ნათლად გარკვევა, თუ სად შეიძლება კიდევ შეიქმნას ანალოგიური პრობლემები. ოკუპანტის ლოგიკა გაუგებარია - სად მოდიან, რა ლოგიკით მოდიან, აქვთ რაღაც გაუგებარი რუქები. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მოიწვევენ და ამიტომ საჭიროა, აქაც მეტი ინფორმაციის ქონა. არ შეიძლება გაუთავებლად გვესმოდეს, რომ 200-300 მეტრით გადმოვიდნენ. მესმის, რომ მთავრობისთვის ოკუპანტის ლოგიკის გაგება ძალიან რთულია, მაგრამ ალბათ, ყველას ერთად მეტი მუშაობა და უფრო მეტი კონსოლიდაცია გვჭირდება", - განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, ბაქო-სუფსას ნავთობსადენთან დაკავშირებით უფრო მეტი ხმაურია საჭირო, რათა მსოფლიომ კარგად დაინახოს.  "აქაც მეტი ძალისხმევა გვჭირდება, განსაკუთრებით დიპლომატიური არხებით იმისთვის, რომ ხმამაღლა ვთქვათ, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც საქართველოს აქვს მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება. ეს არ დაარტყამს მარტო საქართველოს, არამედ ასევე დასავლეთის ინტერესებსაც, ამიტომ ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვთქვათ სათქმელი იმისთვის, რომ მსოფლიოს კარგად დავანახოთ. დღეს მსოფლიოში ბევრი პრობლემა აქვთ და მათი ყურადღება ჩვენმა აქტივობამ უნდა მიიპყროს", - განაცხადა ტუღუშმა.