ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეები შეცდომაში შეყავს".

"27 ივლისს "რუსთავი2-ის" ეთერით გასული სიუჟეტი - მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არის დეზინფორმაციული და საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" მხრიდან სიცრუის უარმყოფელი განცხადებების მიუხედავად, ტელეკომპანია "რუსთავი 2" კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყავნას. მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომლობისთვის, აღნიშნულ საკითხზე არხი უწყების პოზიციით არ ინტერესდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენებზე დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, მოსახლეობის ბუნებივი აირით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.  "შაჰ-დენიზის" სარებილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება "ყაზახის" ძველი მილსადენით განხორციელდება. ხოლო "ყაზახის" მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას, "შაჰ-დენიზის" მილსადენი უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, მილსადენების გამართული ფუნქციონიერების მიზნით გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველ ზაფხულს ხორციელდებოდა და "ეს ყოველწლიური რუტინა არასოდეს ყოფილა არც მედიის და მით უმეტეს, არც პოლიტიკოსების ინტერესის თემა".  "საინტერესოა, რის საფუძველზე ან რა მიზნით გადაწყვიტა არხმა აღნიშნულზე სიცრუის აწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და შევახსენებთ ყველას, ამ შემთხვევაში კონკრეტულად კომპანია "რუსთავი-2"-ს, ნუ ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნებისმიერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაცია უშუალოდ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გადაამოწმონ", - ნათქვამია განცხადებაში.