ბოლნისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ბოლნისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.

პროექტის დასრულების შემდეგ ბოლნისის მოსახლეობა დღეში 7-8 საათიანი წყალმომარაგების გრაფიკის ნაცვლად, 18-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად ბოლნისში მცხოვრებ 3 ათასამდე ოჯახს, კერძოდ კი 10 ათასზე მეტ ადამიანს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში მოხდება 500 მ3 მოცულობის 2 არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 40 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა, 2016 წელს დასრულდება.