ხეხილის ნაყოფსაბერტყი და შემგროვებელი აგრეგატი გამოსცადეს

სოფლის მეურეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ხეხილის ნაყოფსაბერტყი და შემგროვებელი ახალი აგრეგატი გამოსცადეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხეხილოვანი და კაკლოვანი კულტურების ნაყოფების საბერტყი და შემგროვებელი კონსტრუქციის მექანიზებული მოწყობილობები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ნუგზარ ებანოიძის ხელმძღვანელობით დამუშავდა. აღნიშნული კონსტრუქციების დააგრეგატება შესაძლებელია მცირე სიმძლავრის მოტობლოკზე ან თვითმავალ შასიზე. აგრეგატის უპირატესობა, სხვა ანალოგებთან შედარებით, კონსტრუქციის სიმარტივე და ენერგიის ნაკლები ხარჯია, გარდა ამისა, მანქანა არ ახდენს მცენარის ფესვთა სისტემის დაზიანებას. თვითმავალ შასიზე დააგრეგატების შემთხვევაში, კონსტრუქციას აღებული მოსავლის ყუთების გადაზიდვაც შეუძლია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი გამოყენების ეფექტიანობას.

სამეცნიერო ცენტრმა მანქანა წილკნისა და ჯიღაურის საცდელ ექსპერიმენტულ ბაზებზე გამოსცადა. ამჟამად მიმდინარეობს მანქანის კონსტრუქციის სრულყოფა. სამომავლოდ ხეხილის ნაყოფსაბერტყი და შემგროვებელი აგრეგატის ქარხნული წესით დამზადება იგეგმება.