"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციები შემოდის"

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიები და ევროპული ინვესტიციები შემოდის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც პრემიერთან ერთად, ჩიფსის ახალი ქარხანა დაათვალიერა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოდის ახალი ტექნოლოგიები და ევროპელი ინვესტორი არაერთ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში. კომპანია ადგილობრივ ნედლეულს ყიდულობს და, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი ნედლეულის გასაღებასაც დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ასევე გეგმავს ადგილობრივი, სამოდელო კარტოფილის მეურნეობების გაკეთებას. ამ საწარმოს მფლობელი ასევე ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მუხრანის ისტორიული კომპლექსის აღორძინებისთვის, სადაც საჯარო და კერძო სტრუქტურას შორის პარტნიორობის მოდელს გამოვიყენებთ და ერთ-ერთი, ძალიან კარგი ტურისტული მიმართულება შეიქმნება. ამ ქარხანაში დაახლოებით მილიონნახევარი დოლარია ჩადებული და ინვესტიციები კიდევ გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომპანიის ინფორმაციით, წარმოებაშია სამი სახეობის ჩიპსი - "FRIXX კლასიკი", "FRIXX ბარბექიუ" და "FRIXX აჯიკა." კომპანიამ პროდუქტის სატესტო რეჟიმში გაშვება დაიწყო 2015 წლის მარტის თვეში, მიმდინარე თვის ბოლოს კი პროდუქციის საბოლოო წარმოება დაიწყო. საწარმოს მფლობელი ცნობილი ბიზნესმენი ჟან-ფრედერიკ პოლსენია, რომელიც ასევე კომპანია "ველინგტონის" დამფუძნებელია.

FRIXX-ის საწარმოში ამჟამად 25-მდე თანამშრომელია დასაქმებული და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, დასაქმებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.