სტატისტიკის სამსახურმა ბაზრების და ბაზრობების კვლევა გამოაქვეყნა

სტატისტიკის სამსახურმა ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების 2014 წლის კვლევა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2014 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 218 ეკონომიკური სუბიექტი (2,8 პროცენტით მეტი გასულ წელთან შედარებით), რომელთა 28,9 პროცენტი ქალაქ თბილისშია განთავსებული, 22,0 პროცენტი - იმერეთში, 11,5 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 11,0 პროცენტი -  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8,3 - პროცენტი - ქვემო ქართლში, 6,0 პროცენტი - აჭარაში, დანარჩენი - შიდა ქართლის (4,1%), სამცხე-ჯავახეთის (2,7%), გურიის (2,3%), მცხეთა-მთიანეთის (1,8%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (1,4%) რეგიონებში.

მათივე ინფორმაციით, ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2014 წელს მოქმედი ბაზრობების საერთო რაოდენობის 76,2 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმის წილად - 20,6 პროცენტი. ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია კოოპერატივის (1,8%), სააქციო საზოგადოების (0,9%) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,5%) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ბაზრობების 95,9 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, 4,1 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.

"2014 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 1,7 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 55,9 ათასი მეტრია, რომელთა 62,2 პროცენტი შენობაშია განთავსებული. ბაზრობებს გააჩნია 813 სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1235 შემნახველი საკანი (საწყობი) 27,5 ათასი კვ. მეტრი ფართობით, 0,7 ათ. ტ. ტევადობის 248 მაცივარი. 2014 წელს მოქმედი ბაზრობების 38,5 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 33,0 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 28,4 პროცენტი ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც)", - აცხადებენ სტატისტიკის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. 32,1 პროცენტი ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, 2 ბაზრობა ვაჭრობს მხოლოდ სასურსათო საქონლით. ბაზრობების 4,1 პროცენტი ვაჭრობს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით.

"ბაზრობების 62,8 პროცენტის ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ხორციელდება შერეული სახის (როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო) საქონლით. 5 ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, 45 ბაზარში იყიდება ფრინველიც და პირუტყვიც. საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 177 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა -  20 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, 2 ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ შაბათს და კვირას, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში. საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53,3 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,0 ათასი კაცი ვაჭრობს", - აცხადებენ საქსტატში.

მათივე ინფორმაციით, 2014 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,4 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 31,2 პროცენტი ქალია. დასაქმებულთა 45,7 პროცენტი ქ. თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება. "2014 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავალმა 134,1 მლნ ლარი შეადგინა. ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 59,4 მლნ ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 44,2 პროცენტს შეადგენს, 47,7 პროცენტს შეადგენს შემოსავალი სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, 8,1 პროცენტი სხვა სახის შემოსავალია. 2014 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 96,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურებამ დასაქმებულ პერსონალზე - 29,9 მლნ ლარი", - აცხადებენ საქსტატში.