ევრომ ევროპული ქვეყნების ეკონომიკა დაასუსტა

ზოგჯერ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც ექმნებათ სერიოზული პრობლემები. "ბიზნესინსაიდერს" ამის მაგალითად ფინეთი მოჰყავს. ფინეთში, რომლის სკოლებიც მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა და რომლის მთავრობა ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულად მიიჩნევა, ეკონომიკა არც ისე ძლიერია. ეკონომისტები ამის მიზეზად ევროს ასახელებენ. ფინეთის ეკონომიკაზე ასევე უარყოფითად აისახა კრიზისი რუსეთში, რომელიც ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამას სხვა ფაქტორებიც დაემატა, რის შედეგადაც ფინეთის ეკონომიკას საკმაოდ მძიმე პერიოდი დაუდგა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ფინეთის ეკონომიკის დასუსტება დიდწილად ევროს უკავშირდება, რომელმაც ქვეყანას არ მისცა გასაქანი, რომ აღმასვლა დაეწყო. თუმცა, ამ მხრივ ფინეთი მარტო არ არის. ეკონომიკური დაღმასვლა შეინიშნება სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, მაგალითად დანიასა და ნიდერლანდებში. რაც შეეხება სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებს, მაგალითად ესპანეთმა სერიოზული ეკონომიკური კრიზისი გადაიტანა, მართალია მან შეძლო ეკონომიკური პრობლემების გამოსწორება, სამუშაო ადგილების შექმნაც კი, თუმცა, ამ ქვეყანაში უმუშევრობის დონე კვლავ 23 პროცენტია.

კრიზისი გადაიტანა პორტუგალიამაც. ქვეყნის მთავრობას მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღება მოუწია, თუმცა, იგი 6 პროცენტით უფრო ღარიბი ქვეყანაა დღეს, ვიდრე კრიზისამდე იყო. მსგავსი პრობლემების ფონზე, თანდათან უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ერთიანი ევროპული ვალუტის - ევროს შექმნა შეცდომა იყო.