გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 11 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ტერიტორიულ ერთეულში გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 11 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. გურიის გუბერიის ინფორმაციით, აღნიშნული გზა გულიანიდან, ოზურგეთი-ლესას ბეტონის გზიდან, ჩოჩხათის გავლით, სუფსაში, ბათუმი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალს შეუერთდება.  მათივე ცნობით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, მოადგილესთან სოსო ერქომაიშვილთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, გიორგი ამაშუკელთან, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

"გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის ახალი გზით შვიდი სოფელი ისარგებლებს. ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მომავალ წელს აქ საბავშვო ბაღი აშენდება. გარდა ამისა, მოგვარდება მიწის ფართობებთან დაკავშირებული პრობლემებიც", - განაცხადა გია სალუქვაძემ.

საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს შპს "სამკუთხედი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს და იგი აღნიშნული გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.