მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესი იწყება

თბილისსა და მის შემოგარენში მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესი იწყება. აღნიშნული პროცესის დეტალებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი დღეს ჟურნალისტებს გააცნობს. თბილისის მერიის ცნობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე თბილისის ფერდობებზე ინტენსიურად მიმდინარეობს დაავადებული ხეების მონიშვნის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით მონიშნულია 5508 სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი ხე.

"დაავადებული და ზეხმელი ხეების ჩანაცვლების პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება და გამოთავისუფლებული ადგილები კლიმატის ცვლილებისა და ადგილობრივი გარემოს მიმართ რეზისტენტული სახეობების ხე-მცენარეებით განაშენიანდება. ჩანაცვლებისას გათვალისწინებული იქნება გასაშენებელი ადგილის სპეციფიურობა. პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მიერ რეკომენდებულ ადგილობრივ სახეობებს - ქართულ მუხას, რცხილას, იფანს, აკაკის, საპნის ხეს, ნეკერჩხალს და სხვა. ღონისძიებების განხორციელდება კომპლექსურად და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქში მცენარეთა მავნებელ-დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, ქალაქის მასშტაბით, მცენარეული საფარის ხმობას შეაჩერებს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, 2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები, ხარაბუზები (Tomicus piniperda, Tomicus minor, Ips acuminatus, Ips sexdentatus), აგრეთვე დაავადების გამომწვევი სოკოები (Elytroderma sp., Elytroderma torresjuanii, Lophodermium sp.), რომელთაც დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი დააჩქარეს.

2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა თბილისსა და მის შემოგარენში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასება.