საბერძნეთის საფონდო ბირჟა რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა

ათენის საფონდო ბირჟამ, რომელიც ხუთი კვირის განმავლობაში გაჩერებული იყო, დღეს დილიდან მუშაობა განაახლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ASE-ის საფონდო ინდექსი ვაჭრობის დაწყებისთანავე რეკორდული მაჩვენებლით - 23%-ით დაეცა, საბერძნეთის ეროვნული ბანკის აქციები კი 30%-ით. ამ ეტაპზე ბირჟა განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს - შეზღუდვები ექნებათ ადგილობრივ მოვაჭრეებს, რომლებმაც გარიგებები ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა შეასრულონ ან უცხოური ბანკებიდან საკუთარი თანხის გადარიცხვის ხარჯზე. შეზღუდვები არ ეხებათ უცხოელ ინვესტორებს.

საბერძნეთის საფონდო ბირჟაზე მსგავსი ხანგრძლივი შეფერხება 1970 წლის შემდეგ არ ყოფილა. ქვეყანაში კაპიტალის ბაზარზე კონტროლი 29 ივნისს დაწესდა, 1 ივლისიდან კი ბანკები დაიხურა და მოქალაქეებს ფულის გატანა მხოლოდ ბანკომატის მეშვეობით შეეძლოთ. ბანკებმა მუშაობა 20 ივლისიდან გააგრძელეს, თუმცა მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები დღემდე ძალაში რჩება და კვირის განმავლობაში 420 ევროზე მეტის გატანა აკრძალულია.