სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელ ნიკოლოზ ქიზიყურაშვილთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.

პროექტის განხორციელების შედეგად სიღნაღის მოსახლეობა, კერძოდ, 900-ზე მეტი ოჯახი 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. ამჟამად სიღნაღის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, კერძოდ, 600 ოჯახს წყალი დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში მიეწოდება, 300 ოჯახს კი - 24 საათიდან მხოლოდ 8 საათი. პროექტის განხორციელების შედეგად, გარდა 24-საათიანი წყალმომარაგებისა, წყლის ხარისხის გაუმჯობესება იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ამჟამად დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, მოხდება 3 ახალი ჭაბურღილის გამართვა და ორი 50-ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში, ყველა ოჯახს ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდება. სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 342 388 ლარია.