კვერცხის მწარმოებლების მომრავლებამ დარგში არასტაბილურობა გამოიწვია

როგორც კომპანია "კოდას" კომერციულმა დირექტორმა, კახა მეგრელიშვილმა bpn-ს განუცხადა, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მეფრინველეობის მცირე ფერმების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, მათი უმეტესობა პროდუქციას ხშირად გაუმართლებლად დაბალ ფასად ყიდის. შესაბამისად, პრობლემები სხვა მწარმოებლებს, მათ შორის, მსხვილ კომპანიებსაც ექმნებათ. "როგორც წესი, მათ არ აქვთ ფინანსური რესურსები, არც შენახვის პირობები. კვერცხი ორ-სამ დღეს რომ უჩერდებათ, ეშინიათ ზარალში არ გადავარდნენ და თვითღირებულების ფასად ყიდიან. ამით სარგებლობენ საბითუმო ქსელები და ჩვენც ფასდაკლებებს გვთხოვენ. სხვა რა გზა გვაქვს, იძულებული ვართ, დავთანხმდეთ. რეალიზაცია ისევ გვაქვს, თუმცა შემოსავლები მკვეთრად შეგვიმცირდა. ამას ემატება ლარის დევალვაციის გამო გაძვირებული სესხები. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მძიმე მდგომარეობაში აგდებს", - განაცხადა კახა მეგრელიშვილმა. მისი თქმით, მცირე ფერმები განსაკუთრებულად რეგიონებში აქტიურობენ, სადაც ბაზარზე წილის მოცულობა მხოლოდ "კოდას" 38%-დან 25%-მდე შეუმცირდა.

"იძულებული ვართ, რეგიონებში უფრო დაბალ ფასად გავყიდოთ კვერცხი, ვიდრე თბილისში მიუხედავად იმისა, რომ წესით, პირიქით უნდა იყოს – ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯები იქ გაცილებით მაღალია და თვითღირებულებას ზრდის", - აცხადებენ "კოდაში".

კახა მეგრელიშვილის გათვლებით, მცირე ფერმები დღეში უკვე 500 ყუთ კვერცხს აწარმოებენ, რაც საერთო მოცულობის 10-15%-ია. ბაზრის განტვირთვის მიზნით, ამ ზაფხულს მსხვილმა მწარმოებლებმა თავიანთი კვერცხი ექსპორტზე გაგზავნეს. "საბედნიეროდ, 15-18 ათასი ყუთი კვერცხი (თითოეულში 360 კვერცხია) თურქეთში წაიღეს, იქიდან კი, სავარაუდოდ, ერაყში გაიტანენ. მართალია, ყუთში 27-28 დოლარზე მეტი არ მოუციათ, მაგრამ დოლარის მაღალი კურსის გამო იმდენი მაინც მოვახერხეთ, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად არ გაგვეყიდა. არადა, ზაფხული ყველაზე რთული სეზონია კვერცხის მწარმოებლებისთვის", - აღნიშნა "კოდას" მენეჯერმა.

ბელა ნოზაძე