ღვინის სააგენტოს მონაცემებით - იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში 16 810 187 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 16 810 187 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხაში 47 589 654 აშშ დოლარს შეადგენს.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის 7 თვის მონაცემები გამოაქვეყნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ყაზახეთი - 3% (2 533 596 ბოთლი), ჩინეთი - 35% (984 221), პოლონეთი 2% (921 828), ლატვია - 9% (663 714), ესტონეთი - 19% (242 130), აშშ - 20% (148 128), გერმანია - 17% (143 922), კანადა - 100% (120 180), იაპონია - 10% (90 194), საფრანგეთი 119% (28 638), კორეა 221% (24 054) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი - 8 477 635 ბოთლი, ყაზახეთი - 2 533 596, უკრაინა - 1 510 404, ჩინეთი - 984 221 და პოლონეთი - 921 828.

ექსპორტის მთლიან რაოდენობაში ადგილწარმოშობის ღვინოების მიხედვით პირველი ხუთეული ასეთია: "ქინძმარაული" (წითელი ნახევრადტკბილი) - 2 398 077 ბოთლი, "მუკუზანი" 779 324 (წითელი მშრალი), "წინანდალი" (თეთრი მშრალი) - 542 858, "ახაშენი" (წითელი ნახევრადტკბილი) და "ხვანჭკარა" (წითელი ნახევრადტკბილი) - 199 710. "არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-59%) და უკრაინაში (-62%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ ექსპორტის 7 თვის მონაცემებზე გავლენა იქონია, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ითაა შემცირებული, თუმცა შედარებისთვის: იანვარში ექსპორტის კლების მაჩვენებელი იყო - 87%, 6 თვის მონაცემებით კლება იყო - 49%, ივლისის მდგომარეობით კი ექსპორტის შემცირების მაჩვენებელმა 46%-მდე დაიწია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ იანვარში ღვინის ექსპორტი სულ 16 ქვეყანაში განხორციელდა, პირველი კვარტლის მონაცემებით - 25 ქვეყანაში, 6 თვის მდგომარეობით - 33 ქვეყანაში, ხოლო ივლისის მონაცემებით კი საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია 35-მდე გაიზარდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის 7 თვის ექსპორტის მაჩვენებელი (16 810 187 ბოთლი) აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით. მაგალითისთვის: 2012 წელის იანვარ-ივლისში ექსპორტირებული იყო 11 241 028 და 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 124 643 ბოთლი ღვინო. კლება არის 2014 წელთან შედარებით (31 376 279 ბოთლი), რაც განპირობებულია მრავალწლიანი ემბარგოს გაუქმების შემდეგ, 2014 წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის პიკური მაჩვენებლით, რამაც ექსპორტის ჯამურ სტატისტიკაზე გავლენა იქონია. ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 263 119 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 8 844 306 აშშ დოლარს აღწევს. მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 62 942 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.

"მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა განვლილ 7 თვეში 70,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია", - ნათქვამია განცხადებაში.