"ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას საქართველოს გაზმომარაგებაზე გავლენა არ აქვს"

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას საქართველოს გაზმომარაგებაზე არანაირი გავლენა არ აქვს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა. "ეს მოხდა თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსის პროვინციაში და ჩვენს შემთხვევაში მილსადენის ოპერირებაზე გავლენა ნამდვილად არ აქვს. გარდა ამისა, ამ დღეების განმავლობაში თვითონ მილსადენი ცარიელი იყო, რადგან დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და შესაბამისად, ამ მომენტისთვის მილსადენი გაზმომარაგებას არ უზრუნველყოფდა. ასე რომ, არც ერთ ნაწილში ჩვენ ეს საფრთხეს რა გვიქმნის", - განაცხადა ვალიშვილმა.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 22 აგვისტომდე გრძელდება. "ჩვენ აგვისტოს თვეს ვიყენებთ ამ სამუშაოებისთვის. 23 აგვისტოდან ისევ შაჰ დენიზი დაიტვირთება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ მომენტისთვის ავარიაც აღდგენილი იქნება და თვის ბოლოსთვის უკვე ყველა მილსადენი მწყობრში იქნება გეგმური სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად", - განაცხადა ვალიშვილმა.

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა. აზერბაიჯანული გამოცემა "აპა.აზ"-ის ცნობით, აფეთქება თურქეთში, ყარსში ტყის ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, თუმცა, ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. ინციდენტის მიზეზები ჯერ უცნობია, როგორც ყარსის გუბერნატორი გუნაი ოზდემირი აცხადებს, მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება. ინციდენტის გამო რეგიონში გაზის მიწოდება შეფერხებულია. ადგილობრივების თქმით, აფეთქების ხმა 20 კილომეტრის რადიუსში გაიგონეს. დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.