ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება გრძელდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ელექტრონული არქივის შექმნაზე მუშაობს.

პროექტი 2010 წლამდე რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეების საარქივო დოკუმენტების მოწესრიგებას, დაშლა-დალაგებას, ელექტრონულ მონაცემებში საჭირო კვლევას, შესწორებების შეტანასა და ელექტრონული არქივის შექმნას ითვალისწინებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის მიერ სამეწარმეო რეესტრის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მასთან დაცული შესაბამისი მონაცემების საჯარო რეესტრისთვის გადაცემა, პრაქტიკულად, დასრულებულია. არქივს პერიოდულად სხვადასხვა რეგიონში მიკვლეული ერთეული ბაინდერები ემატება.

"ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით ინდივიდუალური მეწარმეების არქივი 6518 ბაინდერსა და 386 ხელით ნაწერ სარეგისტრაციო ჟურნალს შეადგენს. უკვე დასრულებულია სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, გურიიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან გადმოცემული ქაღალდის დოკუმენტების სკანირება, ელექტრონულ ფორმატშია გადატანილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის დოკუმენტებიც. ამჟამად სკანირების პროცესი სამეგრელოს რეგიონის დოკუმენტებზე მიმდინარეობს. ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი უკვე 195 561 საქმეზეა შექმნილი, ელექტრონულ ფორმატში კი 185 283 საქმეა გადატანილი. რაც შეეხება სასამართლო და საგადასახადო აღრიცხვის ხელით ნაწერ ჟურნალებს, 386 ჟურნალიდან სკანირებულია - 334, ელექტრონულ ფორმატში კი 166-ია გადატანილი. ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ელექტრონული არქივის შექმნის პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, გამარტივდება საქმისწარმოება, სააგენტოს მომსახურება კი უფრო სწრაფი და ეფექტური გახდება", - აცხადებენ საჯარო რეესტრში.

აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონულ ფორმატში გადატანილი დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა (www.napr.gov.ge) განთავსებული. აღრიცხული და სკანირებული ქაღალდის საარქივო დოკუმენტები კი, მათი უსაფრთხოდ შენახვის მიზნით, თავს ლილოს არქივში იყრის.

პროექტის ფარგლებში, სააგენტომ კონკურსის წესით 45 შტატგარეშე მოსამსახურე შეარჩია და დაასაქმა.