"მოლოდინის საფუძველი, რომ აფხაზეთის რკინიგზაზე მალე მატარებელი გაივლის, არ არსებობს"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მოლოდინის საფუძველი, რომ აფხაზეთის რკინიგზაზე მალე მატარებელი გაივლის, არ არსებობს.

როგორც ზაქარეიშვილი მიიჩნევს, აღნიშნულ კონტექსტში უცნაურია, რომ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა არარსებული რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს.  "ამგვარ სამუშაოებს მაშინ აქვს აზრი, როცა არსებობს მოლოდინი ან მოლოდინის საფუძველი მაინც, რომ იქ ახლო მომავალში მატარებელი გაივლის. ამ შემთხვევაში კი, ასეთი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ამ თემის წამოწევის მიზანი იგივეა, რაც ბანერებისა და მავთულხლართების განთავსებისა - იყოს ქართული საზოგადოების ნაწილი მუდმივი რეაგირების რეჟიმში. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა არარსებული პროექტების რეანიმაციისა. იმედია, ქართული საზოგადოების ნაწილი ამჯერად მიხვდება, რომ ამგვარი პროექტები ფუჭია და ვერ მიაღწევს ქართულ საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რუსმა სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს. აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. სამმართველოს დირექტორის მოადგილის იგორ მარღანიას განცხადებით, სამხედროები ოჩამჩირიდან ენგურამდე ლიანდაგს ხავსისგან წმენდენ. დღესდღეობით რკინიგზის ეს მონაკვეთი დანგრეულია. მარღანია ვარაუდობს, რომ ლიანდაგს ასუფთავებენ, რათა შემდეგ მისი აღდგენა მოხდეს.