ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოსა და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს

ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოსა და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს. როგორც ირანელმა პარლამენტარმა ალი ალილუმ ადგილობრივ პრესას განუცხადა, მხარეებთან  შეთანხმება უკვე მიღწეულია.

შეთანხმების თანახმად, მდინარე მტკვრისა და სევანის ტბიდან ურმიაში წყალი სამი სატუმბო სადგურის მეშვეობით გადაიტუმბება. სამივე სადგური ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს. დეპუტატის თქმით, კასპიის ზღვიდან წყლის მიღება ხელსაყრელი არ არის მისი მაღალი დაბინძურების გამო, ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაცილებით ძვირი ჯდება. "ურმიის ტბაში 36 მილიარდი კუბური მეტრი წყლის მოცულობა დღეს 2 მილიარდამდე შემცირებულია, მდინარე არაქსი და მცირე მდინარეები კი, რომლებიც ურმიას უერთდებიან, მის შევსებას ვერ ახერხებენ. წყალს ორივე ქვეყნიდან ან შევისყიდით, ან ბარტერზე გავცვლით", - აღნიშნა ირანელმა პარლამენტარმა.

ალილუს თქმით, წყლის მიწოდება ირანში წამში 60-80 კუბური მეტრი იქნება, პროექტი კი ორ წელიწადში დასრულდება. "თუ ტბის დაშრობის ტენდენცია ყურადღების მიღმა დარჩება, როგორც ეს ძველი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა, ძალიან მალე ხუთი პროვინცია სერიოზული ეკოლოგიური საფრთხის, მათ შორის, ადამიანური კატასტროფის წინაშე დადგება", - განაცხადა ირანელმა პარლამენტარმა.

bpnურმიის ტბის აღდგენა, რომელიც იუნესკომ ბიოსფერული ნაკრძალების სიაში 1976 წელს შეიტანა, მსოფლიოს გარემოს დაცვის სპეციალისტთა საზრუნავია. როგორც თანამგზავრიდან გადაღებულმა სურათებმა აჩვენა, 1972 წლიდან 2014 წლამდე ტბის მოცულობიდან მხოლოდ 12% დარჩა. გარდა სოფლის მეურნეობაში მიყენებული ზარალისა, დამშრალი ტბიდან მარილიანი ქარები მოსახლეობაში სერიოზულ, მათ შორის, რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ამასთანავე, ურმია მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც ირანის მოსახლეობის ერთ-მესამედს შეადგენს, ეროვნული იდენტობის სიმბოლოა.

ყველაფრის გათვალისწინებით, ტბის რეანიმაცია ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის წინასაარჩევნო დაპირებებშიც მოხვდა. როგორც რუჰანმა განაცხადა, ის მზადაა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უახლოეს 10 წელიწადში 5 მილიარდი დოლარი დახარჯოს.

ბელა ნოზაძე