იუვალ ფუქსი: "საქართველოს მთავარობას სურს მეტი ინვესტიცია დაინახოს, მაგრამ ამის მისაღწევად საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობა"

"საქართველომ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო - ესაა ტურისტები ისრაელიდან, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება"

რა სექტორებით ინტერესდებიან ებრაელი ინვესტორები საქართველოში, რატომ არ არის შთამბეჭდავი სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის, რატომ აწუხებს ისრაელს ირანის ატომურ პროგრამაზე მიღწეული ისტორიული შეთანხმება, რამდენად აისახება ირან-საქართველოს სამომავლო პარტნიორობა ისრაელთან საუკუნოვან მეგობრობაზე - ამ და სხვა საკითხებზე bpn.ge ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს ესაუბრა.

- ირანის ისტორიულ შეთანხმებას დასავლეთთან და მისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, ისრაელი შეშფოთებით შეხვდა, რატომ?

- დიახ, ჩვენ გვაშფოთებს ეს შეთანხმება და ამ სულისკვეთებას ისრაელში მოქმედი ყველა პარტია - ოპოზიციური თუ მმართველი, ყველა სერიოზული ექსპერტი იზიარებს. ჩვენ გვაწუხებს ის ფაქტი, რომ შეთანხმებაში ჩადებული არ არის რეალური მექანიზმები, რომლებიც ირანის ატომური გამდიდრების პროგრამას გააკონტროლებს. გარდა ამისა, შეთანხება არ არის მუდმივი. შესაძლებელია, ერთ-ორ წელს პროექტის განხორციელებისგან ირანმა თავი შეიკავოს, თუმცა რას იზამს ათი წლის შემდეგ, არავინ იცის. ჩვენი აზრით, არსებობდა სხვა საშუალებაც უკეთესი შედეგის მისაღწევად. მაგალითად, მთლიანად დაშლილიყო ის ინფრასტრუქტურა და სიმძლავრეები, რომლებიც ატომური პროგრამისთვის შეიქმნა.  არის მეორე ფაქტორიც: ეკონომიკური სანქციების მოხსნის შედეგად, ირანში ძალიან ბევრი ფული შევა. გავიხსენოთ, რომ ის მხოლოდ ატომურ იარაღზე არ მუშაობს, არამედ მხარს უჭერს ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და სახიფათო რეჟიმების არსებობას რეგიონში.

- ფიქრობთ, რომ ახალი ძლიერი მოთამაშის გამოჩენა თავისი პრეტენზიებით რეგიონში ძალთა ბალანსს დაარღვევს?

- მე მაინც უსაფრთხოების კუთხით გავამახვილებდი ყურადღებას - ირანისთვის სანქციების მოხსნა არა მხოლოდ ისრაელს, არამედ საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსაც აწუხებთ, ანუ მეზობლებს, რომლებიც ზომიერ პოლიტიკას აწარმოებენ. მათ აშფოთებთ ირანის როლის ზრდა რეგიონში. ის ხომ ტერორისტულ ჯგუფებს - "ჰეზბოლასა" და "ჰამასს" აფინანსებს. გარდა ამის, შეხედეთ მის რიტორიკას, როგორი დამოკიდებულება აქვთ ისრაელისადმი? ისინი ჩვენს ქვეყანას კვლავ მიიჩნევენ კიბოდ, რომელიც უნდა ამოკვეთო, არ აღიარებენ ჰოლოკოსტს... საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ირანში ახალი მმართველობის პერიოდში უფრო მეტი სიკვდილით დასჯა განხორციელდა, ვიდრე ახმედინეჯადის დროს. ჩვენ არაფერი გვაქვს ირანელი ერის საწინააღმდეგო; ვიდრე ჰომეინი სათავეში მოვიდოდა, 1979 წლამდე, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობაც გვქონდა, მაგრამ ვართ მისი პოლიტიკის წინააღმდეგი, რადგან ძალიან საშიში კოქტეილია.

- ირანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება სურს, მათ შორის, მისი სატრანზიტო დერეფნად გამოყენება ევროპაში ენერგომატარებლების ექსპორტირებისთვის. მიაყენებს თუ არა ეს ჩრდილს საქართველო-ისრაელის საუკუნოვან მეგობრობას?

- სიმართლე გითხრათ, დიდი უთანხმოების საფუძველს ჩვენს ქართველ მეგობრებთან ვერ ვხედავ. ვფიქრობ, საქართველო აცნობიერებს, რომ ირანის ატომური პროგრამა არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი რეგიონისთვის საშიშია. საქართველო ასევე დაეთანხმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ირანის წინააღმდეგ სანქციების გატარების პოლიტიკას.

- ყველას გვახსოვს ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ძველი ხელისუფლების დროს - ისრაელელი ბიზნესმენების დაკავების გამო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, გარკვეულწილად, დაიძაბა.

- ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, ბიზნესმენები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს იყვნენ ამნისტირებულები. შესაძლებელია, რამდენიმე ადამიანს ხინჯად დარჩა, თუმცა დღეს ჩვენ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგვართ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის ურთერთობების გასაღრმავებლად. პოლიტიკა უნდა იყოს განგრძობითი და არა - პერსონალურ ფაქტორებზე დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე წელია, ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ თანამშრომლობა არა მხოლოდ საუბრით, არამედ საქმით მტკიცდებოდეს. აქტიურად ვთანამშრომლობთ მაგალითად, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, ასევე სხვა უწყებებთან. მთავრობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. წელიწადში 5-6 -ჯერ 3-10 კვირით საქართველოს ჩვენი ექსპერტები სტუმრობენ და ადგილობრივ ფერმერებს ახალ ტექნოლოგიებს აცნობენ. ძირითადად, ბოსტნეულის მოყვანისა და სათბურების მიმართულებით. პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების გაძლიერებისთვის - ისინი ხომ მიწისა და საქონლის გარეშე დარჩნენ და ყველაზე ძალიან დაზარლდნენ.. ჩვენი პიზიცია ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, პოლიტიკური მხარდაჭერის და დეკლარაციების გარდა, გვსურს, იქ მცხოვრებ მოსახლოებას რეალურად დავეხმაროთ, მაგალითად, ქვემო ნიქოზში სათბური გადავეცით...

- რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობას, საინტერესოა, რომ სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ისრაელს შორის შთამბეჭდავი არ არის...

- თან მართალი ხართ და თან - არა: 2012 წელს, როცა ელჩად დავინიშნე, ვაჭრობა შესამჩნევად გაიზარდა, თუმცა 2013 წელს კვლავ შემცირდა - მე არ ვარ ექსპერტი, თუმცა ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილების ბრალი იყო, ახალმა ხელისუფლებამ ახალი სტრატეგიის განხორციელება დაიწყო, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა.

- ისრაელიდან საქონლის იმპორტი გასულ წლებში შედარებით გაიზარდა და 2014 წელს 41 მილიონ დოლარს მიაღწია, თუმცა საქართველოს ექსპორტი მხოლოდ 4,5 მილიონი დოლარია, რა პროდუქციით შეიძლება დავაინტერესოთ თქვენი ქვეყანა?

- დიახ, საქართველოს ტაჯიკეთში უფრო მეტი პროდუქცია შეგაქვთ, ვიდრე ისრაელში. მართალია, ჩვენი ქვეყანა დიდი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, იმპორტს ახორციელებს, თანაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ბაზრის ანალიზი არ ჩამიტარებია, ეს თქვენი საექსპორტო ინსტიტუტების, ხელისუფლებისა და ბიზნესმენების საზრუნავია. ჩემი საქმე ისრაელიდან პროდუქციის იმპორტის ხელშეწყობაა. ამ მხრივ წელს გარკვეულ შემცირებას ვხედავ - სავარაუდოდ, არახელსაყრელი ეკონომიკური პროცესებისა და ლარის დევალვაციის გამო. თუმცა, მსურს, აღვნიშნო, რომ ისრაელს საქართველოში უფრო მეტი პროდუქცია შემოაქვს, ვიდრე მაგალითად, ყაზახეთში, რომელიც გაცილებით დიდი ქვეყანაა და ძლიერი ეკონომიკა აქვს. ვფიქრობ, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად მეტი ძალისხმევაა საჭირო, მეტი ინიციატივების გამოჩენა, კომუნიკაცია სამთავრობო უწყებებსა და პირველ რიგში, ბიზნესმენებს შორის.

- ისრაელიდან დიდი ინვესტიციები არ შემოდის, მაქსიმალური მოცულობა - 16 მილიონი დოლარი - გასულ წელს დაფიქსირდა და ინვესტორი ქვეყნების ათეულშიც ვერ მოხვდა, თქვენი აზრით, რა განაპირობა ეს ფაქტი?

- მართალი ხართ, ისრაელიდან ინვესტიციების მოცულობა უზარმაზარი არ არის, თუ რატომ - ქართულმა ინსტიტუტებმა უნდა გაანალიზონ. ალბათ, საქართველო პატარა ბაზარია, მეზობლებად დიდი ქვეყნები გყავთ, ხშირად სწორი პარტნიორების შერჩევაც ჭირს. არიან ისრაელელი ბიზნესმენები, რომლებმაც დიდი ფული ჩადეს ჰიდროენერგეტიკაში, ასევე ავიაციის ქარხანაში.. საქართველოს მთავრობას, სავარაუდოდ, სურს მეტი ინვესტიცია დაინახოს, მაგრამ ამის მისაღწევად საჭიროა დრო, მუშაობა და ეკონომიკური სტაბილურობა.

- გარდა ზემოხსენებული პროექტებისა, რომელი სექტორებით ინტერესდებიან ებრაელი ინვესტორები?

- პოტენციალს ძირითადად, საქართველოს სოფლის მეურნეობაში, უძრავ ქონებასა და ტურიზმში, მაგალითად, მცირე სასტუმროების მშენებლობაში ხედავენ. აინტერესებთ სერვისები, რესტორნების ბიზნესი და ვაჭრობა. გასულ კვირას შევხვდი ისრაელელ ბიზნესმენებს, რომლებსაც სურდათ სათბურების მშენებლობა, ასევე სარწყავი სისტემებით მომსახურება და თევზის მეურნეობების მოწყობა. თუმცა, ინვესტიციებისა და ექსპორტის გარდა, არის მიმართულება, საიდანაც საქართველომ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო - ესაა ტურისტები ისრაელიდან, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და უკვე ვიზიტორი ქვეყნების ათეულშიც მოხვდა. გასულ კვირას ჩამოვფრინდი თბილისში - მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში თელ-ავივიდან სამი ფრენა განხორციელდა და თვითმფრინავები მგზავრებით სავსე იყო. თან გაითვალისწინეთ, რომ ისრაელიდან ჩამოსულები არ არიან ვიზიტორები, რომლებიც საზღვარს კვეთენ, არამედ ტურისტები, რომლებიც საქართველოში რამდენიმე დღეს ჩერდებიან და ფულსაც ხარჯავენ. თუმცა, იმავე ტენდენციას ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან.

- სავიზო რეჟიმის გამარტივების მიუხედავად?

- მას შემდეგ, რაც ისრაელში უვიზო მიმოსვლა დაიწყო, ქართველი ტურისტების ნაკადის მცირე მატება შეინიშნება, თუმცა არა შესამჩნევი.

- სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხომ არ მოჰყვა საქართველოდან არალეგალურად მუშაობის მსურველთა რაოდენობის ზრდა?

- დიახ და, სამწუხაროდ, მათი რიცხვი მცირე არ არის. არადა, ტურისტული ვიზა მხოლოდ 90 დღით გაიცემა და გათვლილია მათზე, ვისაც ისრაელში ისტორიული თუ კულტურული დანიშნულების, წმინდა ადგილების მოსანახულებლად სურს მოგზაურობა. ბევრი კი, სინამდვილეში იქ სამუშაოდ რჩება.

ბელა ნოზაძე