რუსი სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე მუშაობენ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოსაწესრიგებლად მუშაობენ. როგორც ბულგაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის სარკინიგზო ჯარები ივლისში აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით გაიგზავნა.

"აფხაზეთის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე, რუსეთის სარკინიგზო ძალები აფხაზეთში ჩავიდნენ ივლისის თვეში. ყველა სამუშაო მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია რესპუბლიკის ფარგლებში სარკინიგზო მიმოსვლის დარეგულირება", - განაცხადა ბულგაკოვმა. მისივე თქმით, საუბარია ოჩამჩირიდან ენგურამდე, 33 კილომეტრიან სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე. რკინიგზის აღდგენაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500 სამხედრო და 50 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი ვარაუდობს, აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

როგორც ბულგაკოვმა განაცხადა, აღნიშნული მონაკვეთი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა.