თელავში 2015 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 2015 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში გახსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მიუხედავად აგვისტოში მომხდარი სტიქიით მიყენებული ზარალისა, შარშანდელთან შედარებით ყურძნის კარგი მოსავალია. "ამასთან, ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმაც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნას. იმის გათვალისწინებით, რომ მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებამ, ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა შეამცირა, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ღირებულების სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კვლავ მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. 2015 წლის რთველის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერვზე - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. "გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღეში "ლიბერთი ბანკის" ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, "რთველი 2015"-ის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის იაფი სესხის გაცემა კვლავ გაგრძელდება. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის მეტი კომუნიკაციის მიზნით, რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ალაზნის ველი" განთავსდება და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანის რაიონშიც იფუნქციონირებს. "ამოქმედდება სოფლის ცხელი ხაზი - 2 47 01 01; შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვებით ერთიან ელექტრონული ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება", - ნათქვამია განცხადებაში.