მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საფრთხეები და საქართველო

სავალუტო კრიზისები, საბერძნეთის ფინანსური პრობლემები, ნავთობზე ფასების რეკორდული კლება და ჩინეთში საფონდო ბირჟის დაცემა - ეს ის ფაქტორებია, რამაც მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში ეკონომიკური ზრდა შეანელა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში ხშირად ისმის კითხვა - განმეორდება თუ არა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი? ქართველი და უცხოელი ანალიტიკოსების ნაწილი, ჯერჯერობით ამის საფრთხეს ვერ ხედავს.

მსოფლიო ეკონომიკური ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ცვლილება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. სერიოზულად დაზარალდა რუსეთის ეკონომიკა. რუბლი გაუფასურდა, რაც ერთი მხრივ ნავთობის ფასის შემცირებამ, მეორე მხრივ კი დასავლეთის ეკონომიკურმა სანქციებმა განაპირობა. მოგვიანებით, ეკონომიკური მოვლენების ეპიცენტრმა საბერძნეთში გადაინაცვლა. საერთაშორისო კრედიტორებთან უთანხმოების გამო ქვეყანა ფულის გარეშე რჩებოდა და ევროზონიდან გასვლა ემუქრებოდა. თუმცა, საბოლოოდ, ათენმა დეფოლტი აიცილა თავიდან.

პარალელურად, ზაფხულის განმავლობაში რუსული რუბლის კიდევ უფრო გაუფასურება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. გასულ კვირას რეკორდულად დაეცა ყაზახური ტენგეს ღირებულებაც. მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ტენგე დოლართან მიმართებაში 22 პროცენტით გაუფასურდა. 2014 წლის იანვრიდან დღემდე კი მისი ფასი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 40 პროცენტით დაეცა.

ამის პარალელურად, გაუფასურდა მსოფლიოში სიდიდით მეორე ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ჩინეთის ეროვნული ვალუტა - იუანიც. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ასევე მკვეთრად დაეცა ჩინეთის საფოდნო ბირჟაც. მთავრობამ გარკვეული პრევენციული ზომები მიიღო და ინვესტორების შენარჩუნება და გლობალურ ბაზარზე ნდობის დაბრუნება სცადა. შედეგად ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა, ჩინეთის საფონდო ბირჟაზე გამოსწორდა. თუმცა, საფრთხეები კვლავ არსებობს.

საკმარისია თუ არა ეს ფაქტორები იმისათვის, რომ მსოფლიო კიდევ ერთი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგეს? ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვატო ლეჟავა მიიჩნევს, რომ რეგიონული კრიზისების გლობალურად გარდაქმნა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა.

"როდესაც რეგიონის ცენტრალური ქვეყანა განიცდის გარკვეულ პრობლემებს, ეს იმ ქვეყნებზეც აისახება, რომელთანაც მას მჭირდო სავაჭრო ურთიერთობი აქვს. თუმცა, მე არ ვვარაუდობ, რომ რეგიონალური კრიზისები გლობალურ კრიზისად გადაიქცეს. პირველ რიგში იმის გამო, რომ აშშ-ის ეკონომიკა საკმაოდ კარგად იზრდება. პრობლემები იყო საფონდო ბირჟებზე, მაგრამ ის საფუძველი, რაც აქვს ახლა აშშ-ის ეკონომიკას, არ გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ იგი კრიზისის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს", - ამბობს ვატო ლეჟავა.

აშშ-ის ეკონომიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალურ ეკონომიკაში. 2008 წლის კრიზისი სწორედ აშშ-ში დაწყებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია. ამიტომაც ვატო ლეჟავა მიიჩნევს, რომ თუკი რაიმე გლობალური უნდა მოხდეს, ამის სათავე ყოველთვის იყო და რჩება აშშ.

უცხოელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებამ, გაემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა უკვე შექმნა იმის საფუძველი, რომ გლობალურ დონეზე სერიოზული ფინანსური კრიზისი დაიწყოს.

"საპროცენტო განაკვეთების გაზრდამ შესაძლოა, ამერიკული აქციების შემცირება გამოიწვიოს, რასაც მთელ მსოფლიოში აქტივების გაყიდვა მოჰყვება, ეს თავის მხრივ შესაძლოა, ახალი მსოფლიო ფინანსური კრიზისით დასრულდეს", - პროგნოზირებს ჩინეთის სახალხო ბანკის ფინანსური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, იაო იუიდუნი.

რომელ ქვეყნებზე შესაძლოა აისახოს ჩინეთში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარება? ამის პროგნოზირება ექსპერტებს უჭირთ. ეს მომავალში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტ სოსო არჩვაძის თქმით, სხვა სახელმწიფოების ეკონომიკური პრობლემები ძირითადად ფინანსური ტრანზაქციების შემცირების სახით უკვე აისახა ქვეყანაზე:

"თუ წინა წლებში დაახლოებით 800 მილიონი დოლარი შემოდიოდა რუსეთის ფედერაციიდან ყოველწლიურად, ახლა ფინანსური ტრანზაქციების ეს წყარო მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. საბერძნეთიდანაც შეზღუდულია თანხების გადმორიცხვა. ეს უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე".

ექსპერტი ვატო ლეჟავა კი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ადგილობრივ დონეზე უნდა მოხდეს ვითარების გამოსწორება, რათა გარე ფაქტორების ზეგავლენა თავიდან იქნეს აცილებული:

"საქართველოში სამწუხაროდ მოხდა ის, რომ გლობალურ მოვლენებს მორღვეული და დასუსტებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა დაემატა. ამ ტენდენციებს ჩვენ კი არ შევეწინააღმდგეთ, პირიქით. თუ ვალუტა სუსტდება, ის ხელს უწყობს ექსპორტს. ჩვენთან ისე მოხდა, რომ ვალუტა შესუსტდა და ექსპორტიც 25 პროცენტით შემცირდა. ამან კიდევ უფრო მეტი ნეგატიური გავლენა მოახდინა, ვიდრე ეს შეიძლებაოდა უფრო ჯანსაღ ეკონომიკურ ვითარებაში ყოფილიყო".

მისივე თქმით, თუ მომავალში ეს ფაქტორები არ შეიცვალა, ცხადია ყველა ასეთი შიდა და გარე ფაქტორი ძალიან მტკივნეულად იქნება ასახული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

თამთა ჯიჯავაძე