როგორ უნდა ისარგებლოს საქართველომ სხვა ქვეყნების ეკონომიკური კრიზისით

მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები, ნავთობზე ფასების ვარდნა და სხვადასხვა ქვეყანაში ეროვნული ვალუტების გაუფასურება უარყოფითად აისახება არაერთი ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა, ექსპერტების თქმით, საქართველოს შეუძლია სხვა სახელმწიფოების კრიზისი სათავისოდ დადებითად გამოიყენოს.

ექსპერტ სოსო არჩვაძის თქმით, რუსეთსა და უკრაინაში ვალუტების დევალვაცია ამ ორი ქვეყნიდან საიმპორტო საქონლის ფასების შემცირებაზე უნდა აისახოს. "არის გარკვეული პოზიტიური მოვლენები, რომელსაც გამოყენება უნდა. საქართველოში სურსათის იმპოროტი საკმაოდ სოლიდურ ადგილს იკავებს. თუ შევადარებთ იმპროტს და ექსპორტს, აღმოჩნდება რომ ჩვენ ნახევარი მილიარდი დოლარით მეტი სურსათი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ამ შემთხვევაში იმპორტის გაიაფება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას" , - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

bpn-ი დაინტერესდა თუ რამდენად აისახა გრივნისა და რუბლის გაუფასურება საქართველოში იმპორტირებული საქონლის ფასებზე.

კომპანია "ინტრეიდი" რამდენიმე ქვეყნიდან სხვადასხვა სახის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს. კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის, ბესო სვანიძის თქმით, მიუხედავად რუსეთში ვალუტის დევალვაციისა, მათ მიერ იმპორტირებული პროდუქტები არ გაიაფებულა, პირიქით ადგილობრივ ბაზარზე გაძვირდა კიდეც: "რუსეთიდან არაყი შემოგვაქვს. პროდუქცია რუს მომწოდებელ კომპანიას არც გაუიაფებია და არც გაუძვირებია. თუმცა, კურსთა შორის სხვაობას მოჰყვა აქ გაძვირება. ჩვენ იქ დოლარსა და ევროში ვყიდულობთ, აქ კი ლარში ვყიდით. შესაბამისად პროდუქციის თვითღირებულება გაძვირდა. უკრაინიდან ყველი და არაყი შემოგვაქვს. უკრაინული პროდუქციაზეც იგივე შემიძლია ვთქვა".

იგივე პრობლემაზე საუბრობენ სადისტრიბუციო კომპანია "მზიური"-შიც:

"უკრაინიდან და რუსეთიდან ზეთი და მაკარონი შემოგვაქვს. ამ ქვეყნებში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, ჩვენ მიერ იმპორტირებული პროდუქციის ფასები აქ მაინც იზრდება. უფრო მეტიც, რუსმა მომწოდებელმა ფასი გაგვიძვირეს კიდეც. ადრე რამდენადაც ვყიდულობდით, ახლა ისე ვეღარ ვყიდულობთ".

ექსპერტ ლევან კალანდაძის თქმით, განსხვავებული ტენდენციაა ნავთობის ფასთან დაკავშირებით. "ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები შავ ოქროზე ფასის დაცემით ზარალდებიან, ჩვენ კი პირიქით, ვინაიდან საქართველო არის ნავთობის მომხმარებელი. როცა ნავთობზე ფასი ეცემა, ქვეყნიდან გასული ვალუტის მოცულობა მცირდება. ანუ გვიწევს ნაკლები მაგალითად, დოლარის გადახდა და ეს ქვეყანაში სავალუტო სტაბილიზაციის კუთხით კარგი ტენდენციაა. ლარის კურსი ხომ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო მასების ურთიერთთანაფარდობაზე. ასევე მსოფლიო ბაზარზე დაღმავალი ფასი პირდაპირ უნდა აისახოს საქართველოში საცალო ქსელში ნავთობპროდუქტების ფასზე. ეს მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდას, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან", - ამბობს ლევან კალანდაძე.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, იმისათვის რომ საქართველომ სხვა ქვეყნების ეკონომიკური პრობლემები სათავისოდ გამოიყენოს, საჭიროა ადგილობრივ დონეზე შესაბამისი პირობების შექმნა. ექსპერტების თქმით, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია პირველ რიგში სადაზღვევო სისტემის განვითარება, ნაკლები ბიუროკრატიული ხარჯები და ნაკლები რეგლამენტები ბიზნესის წარმოებისთვის.

თამთა ჯიჯავაძე