ევროპის სარკინიგზო კავშირის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან

ევროპის სარკინიგზო კავშირის წარმომადგენლები სარკინიგზო სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში იმყოფებიან.

ევროპის სარკინიგზო კავშირის (CER) აღმასრულებელი დირექტორის ლიბორ ლოხმანის ხელმძღვანელობით დღეს, სასტუმრო "რედისონში" სემინარი მიმდინარეობს. სემინარზე ლოხმანი იმ თემებზე საუბრობს, რაც სარკინიგზო სფეროში ევროდირექტივებისა და რეგულაციების დანერგვისა და განხორციელებისთვის გასათვალისწინებელია. "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს რკინიგზამ 8 ძირითადი დირექტივა და რეგულაცია უნდა დანერგოს.  სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გახსნა.

"ევროპის სარკინიგზო კავშირის წევრი საქართველოს რკინიგზაც არის. მნიშვნელოვანია, რომ იმ გზაზე, რაც უკავშირდება ევროპულ სტანდარტთან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, კანონმდებლობის, ამ შემთხვევაში კი რკინიგზის ფუნქციონირების მიყვანას, მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენთვის ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომ ამ სტანდარტებს ჩვენი ევროპელი პატრნიორების დახმარებითა და მათი ხელშეწყობით მივაღწიოთ", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციების ამოქმედება 2019-2022 წლებში იწყება."ჯერჯერობით, ჩვენ მოსამზადებელ პერიოდში ვართ. ზოგადად, ეს რეგულაციები იოლი არცერთი არ არის. ყველა საჭიროებს ძალიან დიდ ძალისხმევას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იმ პერიოდისთვის მზად ვიყოთ, როდესაც მისი ამოქმედება იქნება საჭირო", - განაცხადა ბაქრაძემ. თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებულია, ევროკავშირთან სარკინიგზო და ზოგადად, სატრანსპორტო დარგის თანამშრომლობა. "საქართველოს რკინიგზაზე ვრცელდება 8 ევროდირექტივა და რეგულაცია, რომელიც უნდა დავნერგოთ ეტაპობრივად, წლების მიხედვით. ამ მხრივ, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩვენ შევქმენით სპეციალური ჯგუფი, გაიწერა მისი სამუშაო დებულება", - განაცხადა საღირაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე სემინარს, რომელსაც ევროპის სარკინიგზო კავშირის (CER) აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი მართავს, ყველა დაინტერესებული პირი ესწრება და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება."2018-2020-2021 წლები ის საბოლოო ვადაა, როდესაც დირექტივები ძალაში უნდა იყოს. სარკინიგზო დირექტივების ძირითადი ასპექტებია - უსაფრთხოება, ბაზრის გახსნა, რკინიზგის ინფრასტრუქტურული კომპანიის ტარიფის დადგენა, ასევე საკითხები მგზავრთა უფლებების შესახებ, სატვირთო გადაზიდვის ოპერატორების შესახებ და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანი დირექტივები არსებობს გარემოს დაცვის კუთხით, რომელიც ეტაპობრივად დაინერგება. საბოლოო რეზულტატი იქნება ის, რომ რკინიგზა გახდება უფრო მოქნილი ოპერაციებში და ნამდვილი ევროპული სტანდარტების რკინიგზა გვექნება", - განაცხადა საღირაშვილმა.

როგორც ევროპის სარკინიგზო კავშირის (CER) აღმასრულებელმა დირექტორმა ლიბორ ლოხმანმა აღნიშნა, დღევანდელი კონფერენციაც უმთავრესად მიმართულია იმის განმარტებისკენ, თუ როგორ მოერგოს ეროვნული საკანონმდებლო სისტემა ევროპულს, "რათა მიაღწიოთ იმას, რასაც დღესდღეობით ევროკავშირმა მიაღწია"."ასე რომ, უკეთესად მუშაობაში რკინიგზისთვის ხელის შეწყობა ეხმარება მას მომხმარებლებისთვის მეტად მიმზიდველი იყოს", - განაცხადა ლოხმანმა.