"საქართველო ფოთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით კვლავ დაინტერესებულია"

საქართველოს მთავრობა ფოთის პორტში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით კვლავ დაინტერესებულია.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ვალიშვილის შეფასებით, ქარხნის მშენებლობა საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

„ამ ეტაპზე კონკურსში გამარჯვებული არ გვყავს. მიღებული წინადადებების განსახილველად დამატებითი ინფორმაცია გამოვითხოვეთ“, - განაცხადა ვალიშვილმა და იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილება კონკურსის მეორედ გამოცხადების შესახებ ჯერჯერობით არ მიღებულა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობამ უცხოელი ინვესტორებისგან მიიღო წინადადება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ბათუმისა და სუფსას ტერიტორიაზე მშენებლობის შესახებ.

„ამ წინადადებებს საქართველოს ეკონიმიკის სამინისტრო სწავლობს“, - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა „ტრენდთან“ ინტერვიუში.

2014 წელს წელს, ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა და მასში სამმა კომპანიამ - New Artway Ltd-მ, Lohrmann International-მა и OTC Consortium-მა მიიღო მონაწილეობა.

კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ სამივე მონაწილის დისკვალიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კომპანიებმა სრული დოკუმენტაცია არ წარადგინეს.

საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსპლუატაცია 2018 წლის დასასრულამდე უნდა დაიწყოს. ქარხანამ ევრო-5-ის სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების მსუბუქი და საშუალო დისტილატები და სხვა ნავთობპროდუქტები უნდა აწარმოოს.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროდუქციის 20% ადგილობრივ ბაზარზე, 10%-იანი ფასდაკლებით უნდა იყიდებოდეს. ხოლო ქარხნის თანამშრომელთა 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.