ოთარ დანელია: რაჭა-ლეჩხუმი რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის მზად არის

კახეთის შემდეგ, რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რამდენიმე დღეში დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ რაჭაში რთველი 2015-ის საორგანიზაციო საკითხები ამბროლაურში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსამზადებელი სამუშაოები ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმა რაჭაშიც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას.  როგორც სოფლის მეურეობის მინისტრმა აღნიშნა, რაჭა-ლეჩხუმში რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის საორგანიზაციო ყველა საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია. ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბიც გაიხსნება. მხარის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, წელს რაჭაში 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წელს რეგიონში ხარისხიანი მოსავალია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად რთველის საორგანიზაციო საკითხები დეტალურად არის განხილული და არცერთ მევენახეს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება.

რაჭის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კომპანია "როიალ ხვანჭკარას" ქარხანა დაათვალიერა. კომპანიამ 2014 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აღებული სესხით ღვინის ქარხანა გადააიარაღა და 5 ჰა-ზე მეტი ახალი ვენახი გააშენა. როგორც ქარხნის დირექტორმა მირიან ჭიღვარიამ აღნიშნა, ქარხანა სრულ მზადყოფნაშია, აქტიურად ჩაერთოს რთველის პროცესში და 200 ტონაზე მეტი ყურძენი მიიღოს.

რთველის მიმდინარეობის პერიოდში ყველა დაინტერესებულ პირს საჭირო ინფორმაციის მიღება ცხელ ხაზზე 2 47 01 01 შეეძლება. რთველის მიმდინარეობის და მოსვლის გადამუშავების შესახებ განახლებული ინფორმაციების მიღება მოსახლეობას ონლაინ რეჟიმში, სპეციალურ ვებგვერდზე www.rtveli2015.gov.ge შეუძლიათ.