რუისი-აგარას გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი ოქტომბერში გაიხსნება

რუისი-აგარას გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი ოქტომბრიდან გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე ეტაპობრივად გადაერთვება.

ექსპლუატაციაში შესვლამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მონიტორინგი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა განახორციელეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა რუისი-აგარასა და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ამ დროისთვის 2 მონაკვეთის, რუისი-აგარასა და აგარა-ზემო ოსიაურის მშენებლობა მიმდინარეობს. მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლების განცხადებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ხარისხიანად და მნიშვნელოვანი პროგრესით ხორციელდება.

მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.