გორში 480 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო

გორში 480 დევნილი ოჯახისთვის 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყებას საფუძველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჩაუყარა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.

8 ათსართულიანი კორპუსი გორში, მოსკოვის ქუჩაზე, აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. რვავე კორპუსის მშენებლობა ერთდროულად დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ტრანსმშენი" ახორციელებს.

მინისტრი სოზარ სუბარი გორის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.