მინსკი მზად არის, მოსკოვსა და კიევს შორის ავიამიმოსვლა უზრუნველყოს

ბელორუსის ყველა აეროპორტი რუსეთიდან და უკრაინიდან მგზავრების მისაღებად მზად არის.

ამის შესახებ ბელორუსის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ევგენი როგაჩოვმა განაცხადა.

„გრძელდება მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთის საავიაციო უწყებებთან და კომპანიებთან. საჭიროების შემთხვევაში, „ბელაერონავიგაცია“ და ჩვენი ხელისუფლება იმუშავებს ყველა საჭირო დეტალზე იმისთვის, რომ მგზავრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ“, - განაცხადა მან.

გასულ კვირას უკრაინის მთავრობამ რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის უმსხვილეს „აეროფლოტსა“ და „ტრანსაეროს“, უკრაინაში ფრენების განხორციელება აუკრძალა. გარდა ამისა, რუსულ თვითმფრინავებს აეკრძალათ უკრაინის გავლით სატრანზიტო ფრენების განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე სამხედრო დანიშნულების ტვირთი აქვთ.

სანქციების დაწესებიდან სამ დღეში ანალოგიური ზომები მოსკოვმაც დააწესა და უკრაინულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენების განხორციელება აუკრძალა. ორივე ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები ძალაში 25 ოქტომბრიდან შედის.