ექსპერტთა აზრით, 3%-იანი ზრდა ქვეყნის წინსვლის მაჩვენებელი არ არის

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე მზად არის და საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს. მთავრობის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდი ლარი იქნება და 3%-იანი ზრდის პარამეტრებში დაიგეგმება. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ, ქართულ მედიასთან განაცხადა, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ 3%-იანი ზრდა საკმარისი არ არის და ქვეყანას ზრდის უფრო მაღალი ტემპები უნდა ჰქონდეს, მაგრამ მომავალი წლის ბიუჯეტი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს. ექსპერტების აზრით, 3%-იანი ზრდა მართლაც არ არის საკმარისი, მით უმეტეს, რომ წინა წლებში ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური ზრდის გაცილებით მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა, მაგალითად: 2003 წელს 11,1 პროცენტი, ხოლო 2007 წელს -12.34 პროცენტი. ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში აშკარად შემცირდა: 2013 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი 3,3 პროცენტი იყო, ხოლო 2014 წელს - 4.8 პროცენტი.

ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, 3%-იანი ზრდა რეალობის გამოძახილია:

"თუ ეკონომიკურ ზრდაზე მსჯელობისას საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება. რეალობა ასეთია და ჩვენ ვერაფერს შევცვლით, თუმცა, რეალიზმს მაინც არაფერი სჯობია. ყალბი ოპტიმიზმი, რომელსაც ჩვენ წინა წლებში ვუყურებდით, ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე ყველაზე უსიამოვნო და ნეგატიური რეალიზმი. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ: საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ბევრი შიდა და გარე ფაქტორი მოქმედებს. ამიტომ, ეკონომიკის 3%-იანი ზრდა - ეს არის ბუნებრივი ინერციის ფარგლებში განსაზღვრული ზრდა, აქვე უნდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია. კიდევ შემცირდება თუ არა ეს 3 პროცენტი? - ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე შემცირების მოლოდინი ნაკლებად მაქვს.

"თავისუფალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე კი მიიჩნევს, რომ 3% ძალიან ცუდი მაჩვენებელია:

"არაფერი კარგი ამაში არ არის, უფრო მეტიც, 3%-იანი ზრდა ჩვენი ეკონომიკის განვითარების შეფერხებას მოასწავებს, ეს არის ძალიან ცუდი შემოთავაზება. 3%-იანი ეკონომიკური ზრდა თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესების შანსი მინიმალურია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა უხეირო ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, ამიტომ ჩვენ მას კარისკენ უნდა მივუთითოთ და ვუთხრათ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში საქართველოს ეკონომიკა 9, 10, 12 პროცენტითაც კი იზრდებოდა, ახლა კი, ეს მაჩვენებლი 3-4-ჯერ არის შემცირებული."

ამ საკითხის შეფასება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მიხეილ თოქმაჯიშვილსაც ვთხოვეთ: "ჩემი დაკვირვებით, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მკვეთრად მატულობს, ესე იგი, წინა წლებში ჩავარდნას ჰქონდა ადგილი. ასე მოხდა 1997 წელს, როცა ზრდის მაჩვენებელი 10%-ს გადასცილდა. სამაგიეროდ, წინა წლებში ზრდის დაბალი ტემპი შეინიშნებოდა. თანაც, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იცვლება, მასზე გავლენას ახდენს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ვალუტის კურსი და არაერთი სხვა ფაქტორი... ამიტომ, მისი რყევადობა საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვისას ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. მეც ვფიქრობ, რომ 3%-იანი ზრდა მაღალი არ არის, მაგრამ თუკი უკანასკნელი სამი წლის დინამიკას გადავხედავთ, ეს აბსოლუტურად რეალური და მისაღები ციფრია. მით უმეტეს, რომ არავინ იცის, რა მოხდება 2016 წელს, როგორ განვითარდება მოვლენები როგორც საგარეო, ასევე საშინაო ასპარეზზე, თანაც, უკვე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან არადინამიური და არაპროგნოზირებადია."

მიხეილ თოქმაჯიშვილის აზრით, ძნელია პროგნოზის გაკეთება, შენარჩუნდება თუ არა ეკონომიკური ზრდა 3%-ის ფარგლებში, თუმცა, შესაძლოა ეს ციფრი შემცირდეს, ან გაიზარდოს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის მიახლოებითი ციფრი და არა ზუსტი მონაცემი: "ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის 3% წინსვლის მაჩვენებელი ვერ იქნება. ეს მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის შეიძლება კარგი მაჩვენებელი იყოს, მაგრამ ჩვენთვის - არა. საქართველოს ეკონომიკური ზრდა სულ ცოტა, ორჯერ მეტი უნდა იყოს, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაზე აისახოს. 5-6%-იანი ზრდა ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური და მისაღებია. საერთოდ, მსოფლიო ძირითადად ეკონომიკის 2%-იანი ზრდით ვითარდება, მაგრამ 2-3 პროცენტი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. თავის დროზე ჩინეთს ჰქონდა 10%-იანი ზრდა, იაპონია 9%-ით ვითარდებოდა და ეს ხდებოდა 1960-1970-იან წლებში, როდესაც ამ ქვეყანამ ტექნოლოგიებში გარღვევა დაიწყო და არნახულ წარმატებას მიაღწია. სამწუხაროდ, ჩვენთან ამის ნიშნები არ ჩანს, დღეს ჩვენ არა გვაქვს საიმისო პირობები და არც ისეთი პოლიტიკა, რომელიც მდგომარეობას ერთბაშად გამოასწორებს. ამიტომ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც შესაბამისი გვაქვს",- ამბობს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე