სოფელ კიცხისა და ხიდარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხარაგაულში, სოფელ კიცხისა და ხიდარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანიშვილმა დაათვალიერეს. მათ ხარაგაულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც გახსნეს. ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 627 056 ლარი გამოყო. სულ 3,4 კმ-იანი გზის მონაკვეთი შეკეთდა.

დღესვე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ წელს პირველად დაიწყო ფუნქციონირება. ბაღი 25 ბავშვზეა გათვლილი და მასში 10-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. განხორციელებული სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 101 661 ლარი დაიხარჯა. ხარაგაულში ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 სკოლამდელი დაწესებულება აშენდა, წლის ბოლომდე კიდევ 2 ბაღის გახსნა იგეგმება.