"თურქეთში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე არ აისახება"

თურქეთში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელებაზე არ აისახება. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო სამსახურის მინისტრმა ჯენაპ აშჩიმ განაცხადა. „მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთში არსებული სიტუაცია პროექტის რეალიზებას არ შეაფერხებს. იმედი მაქვს, რომ პირველ ნოემბერს ჩვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩავატარებთ და მთავრობას ჩამოვაყალიბებთ. პროექტის განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა თურქმა მაღალჩინოსანმა.

ჯენაპ აშჩიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტამბოლისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია. „ეს პროექტი არამხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ თურქეთისთვისაც ძალიან მნიშვნლოვანია. იმედი მაქვს, რომ პროექტს მომავალ წელს დავასრულებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს.