აზერბაიჯანი და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე საბაჟო კონტროლს გაამარტივებენ

თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟოს მინისტრის ჯენაპ აშჩის განცხადებით, აზერბაიჯანი და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე საბაჟო კონტროლს გაამარტივებენ. „ჩვენ გავცვლით ინფორმაციას ტვირთების შესახებ. ერთი მხარის მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლის შედეგებს მეორე მხარე აღიარებს და პირიქით“, - განაცხადა მან.

თურქი მინისტრი მგზავრთა საპასპორტო კონტროლის საკითხსაც შეეხო და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროცედურაც გამარტივდეს. „პირველ ეტაპზე საპასპორტო კონტროლი ქვეყნების საზღვრების გადაკვეთისას, დაჩქარებული რეჟიმით განხორციელდება. სამომავლოდ კი, ეს პროცედურა შესაძლოა, გასვლისა და შემოსვლის პუნქტებში განხორციელდეს“, - განაცხადა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ პირველ რიგში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის პროცედურის გამარტივებაა საჭირო. „ამ პროექტის წყალობით, ჩვენ შევძლებთ ტვირთების გადაზიდვას აზიიდან ევროპაში და პირიქით. ამიტომ საბაჟო პროცედურების გამარტივება აუცილებელია“, - განმარტა აშჩიმ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა - ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.