გიორგი ღაღანიძე: პრეზიდენტი ეკონომიკურ საკითხებზე სწორ აქცენტებს სვამს

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მსჯელობა იყო ძალიან პროფესიული, - ასე აფასებს ეკონომიკის დოქტორი გიორგი ღაღანიძე პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გუშინ, გადაცემა "არჩევანში" გაკეთებულ შეფასებებს.

როგორც ღაღანიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა "სწორი აქცენტები დასვა". "ეკონომიკურ საკითხებზე პრეზიდენტის მსჯელობა იყო ძალიან პროფესიული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მისმა ეკონომიკურმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა ანუ მას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე მოუმზადეს და მისცეს აბსოლუტურად ობიექტური სურათი იმისა, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში და რა ვითარებაში ვიყავით ჩვენ. ამის შესაბამისად, პრეზიდენტმა დასვა სწორი აქცენტები – განაცხადა, რომ გარდა იმისა, რაც უკვე გავაკეთეთ და ესაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან წინასწარი შეთანხმება, უნდა გვქონდეს იგივე შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა გამოვიყენოთ ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობა, ასევე თქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო აგრესიული, რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო ხშირად შევახსენოთ პარტნიორებს ჩვენ შესახებ და უფრო მეტი შეხვედრა გაიმართოს დაინტერესებულ წრეებთან. რატომ უნდა ვიყოთ უფრო აგრესიულები? – იმიტომ, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი ინვესტორი", - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.

ეკონომიკური ექსპერტი პრეზიდენტს პროგნოზირების უკეთესი მექანიზმის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაშიც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გარკვეული პროცესის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი იყო იმის წინასწარ გათვლა, რაც მოხდა.  "გასაგებია, რომ რაღაცეები მოხდა, მაგრამ როდესაც სამი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მკვეთრად ზრდის ნავთობის მოპოვებას თავის ტერიტორიაზე და ხდება ქვეყანა, რომელიც ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელია, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ნავთობის მოპოვების და მოთხოვნის თანაფარდობა იცვლება. ეს იწვევს ნავთობზე ფასის შემცირებას, რაც თავისთავად არ არის ცუდი, მაგრამ, ამავდროულად, ეს იწვევს დოლარის გამყარებასაც ანუ ეს არ უნდა ყოფილიყო ისე, თითქოს უცებ მოხდა რაღაც. სწორედ ამ თვალსაზრისით საუბრობდა პრეზიდენტი, როცა განაცხადა, რომ უნდა იყოს პროგნოზირების უკეთესი სამსახური", - აღნიშნა ეკონომიკურმა ექსპერტმა.

რაც შეეხება უშუალოდ ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხს, გიორგი ღაღანიძის შეფასებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი ეკონომიკური გუნდი ამ შემთხვევაშიც "სწორ აქცენტს" სვამდა, როცა ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობდა. "ეს აქცენტი იყო აბსოლუტურად სწორი. ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა თურმე გაბუტულები კი არ არიან, არამედ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, უკვე თავისთავად ძალიან დადებითად მოქმედებს პროცესზე", - აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.