ნოდარ კერესელიძე ისრაელის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ისრაელის ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროექტების ოფისის ხელმძღვანელს, შამენა გალის შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრის ძირითადი მიზანი ისრაელის საელჩოსა და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (MASHAV), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ,,საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო სამსახურების გაძლიერების" (SEAS) პროექტის მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარების მიმართულებით ახალი ინიციატივების განხილვა იყო. შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა ქართულ მხარეს გააცნო წინადადება საქართველოში ბოსტნეულის, როგორც ღია გრუნტში, ასევე სასათბურე პირობებში მოყვანის, მოსავლის აღების და შენახვის ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამების შესახებ და მზაობა გამოთქვა აღნიშნულ თემატიკაზე ქართველი გლეხებისა და ფერმერებისთვის ტრენინგების ჩატარების თაობაზე.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა ექსტენციის განვითარების მნიშვნელობაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ დადებითად შეაფასა ისრაელის მხარის ინიციატივა და ისრაელის ელჩს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.