"თელასის" 25 %-ის გასხვისების საკითხს ქართული მხარე არ განიხილავს

სახელმწიფო "თელასის" 25%-ის გასხვისების საკითხს არ განიხილავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, "ინტერ რაოს" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, "თელასის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის გასხვისების საკითხი არ განხილულა.

"გულწრფელად გეტყვთ, ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა თუ დადგება დღის წესრიგში, ეს ცნობილი იქნება ყველასთვის. თუ გადაწყვეტილება ოდესმე იქნება მიღებული, ცხადია, შეთავაზება "ინტერ რაოსთვისაც" იქნება გაკეთებული და ნებისმიერ დაინტერესებულ ინვესტორს შეეძლება ამ პროცესებში მონაწილეობა. თუმცა, დღეს აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

როგორც ცნობილია, "თელასის" 75%-ის მფლობელი რუსული კომპანია "ინტერ რაოა" , 25 %-ის კი - საქართველოს სახელმწიფო.