"ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო "რედისონში", "ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, არასამთავრობო ორგანიზაციაში მძიმე მრეწველობაში მოღვაწე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები გაერთიანდნენ, ასევე უკვე მიმდინარეობს სფეროში მოქმედი სხვა კომპანიების გაწევრიანების პროცესი. ახლად დაფუძნებული ასოციაციის მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში მსოფლიო სტანდარტების დანერგვა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, დარგში მოღვაწე კომპანიების ინტერესების დაცვა, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, სფეროს განვითარებისთვის საჭირო პროფესიების პოპულარიზაცია, სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა.

"ჩვენ მთავრობასთან, პარლამენტთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორთან ერთად, შევძლებთ, დავძლიოთ არსებული გამოწვევები, განვავითაროთ დარგი, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა და გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკა", - განაცხადა "ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის" პრეზიდენტმა სულხან ხვედელიძემ.

ასოციაციის პრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ.