კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" ურთიერთობა დღეს არ დაწყებულა და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "გაზპრომის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია მორიგი შეხვედრის გამართვის თაობაზე დაადასტურა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, "გაზპრომთან" ურთიერთობა დღეს არ დაწყებულა, წლებია გაზს რუსეთიდან ვიღებთ და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება."ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე, აქ საუბარი არ არის მხოლოდ დამატებითი მოცულობის შემოტანაზე რუსეთიდან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ირანთან მიმართებაში, რადგან ჩვენ დღეს ვხედავთ, არის რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ მოვახერხოთ ირანიდან ბუნებრივი აირის წამოღება და საქართველო გახდეს სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მაგალითად, ირანიდან წამოღებული გაზი მოხვდეს თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ როგორც შაჰდენიზის შემთხვევაში", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, "გაზპრომთან" გამართულ პირველ შეხვედრაზე, რომელიც მუშა შეხვედრა იყო, დასმული იქნა საკითხი გაზსადენში გაზის მოცულობების გაზრდასთან დაკავშირებით. "შეხვედრაზე, რომელიც გავმართეთ, ჩვენ დავსვით საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოცულობები, რომელიც დღეს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზსადენში გადის, გაიზარდოს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მილსადენი მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რადგან ამ შემთხვევაში,  უფრო მეტი საშუალება გვექნება დამატებითი მოცულობები მივიღოთ, ასევე თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მათ მიეცეთ საშუალება ბუნებრივი აირი შემოიტანონ რუსეთიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.