საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართული ხორცის შეძენაზე ტენდერს აცხადებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. უწყების ინიციატივაზე თინათინ ხიდაშელმა ბრიფინგზე ისაუბრა.  მინისტრის განცხადებით, ივლისში დადეს პირობა, რომ წლის ბოლომდე ქართულ ჯარს თანდათანობით, სრულად გადაიყვანდნენ ქართულ კვებაზე. "დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მარტო მიმდინარე წელს 6 მილიონი არის დახარჯული ხორცზე და მთლიანად ამ პროდუქტის შესყიდვა ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან, ძირითადად ინდოეთი იყო მომწოდებელი, მაგრამ ასევე იყო სხვა ქვეყნები. ჩვენი ამ ინიციატივის ფარგლებში, ამოცანა არის ძალიან მარტივი - ერთი მხრივ, ქართულ ბიზნესს დავეხმაროთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს და მეწარმეებს, ვინც ქვეყანაში ამ ბიზნესით არის დაკავებული და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ქართველ მწარმოებლებს. ყველას მინდა ვთხოვო მაქსიმალური აქტივობა გამოიჩინონ. ამ წუთას ტენდერი ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა მომავალი წლიდან ის უკვე მთელ საქართველოს დაფარავს. ჩვენ თანდათანობით, წლის ბოლომდე სხვა დანარჩენ პროდუქტებზეც, რომელიც იწარმოება საქართველოში, ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს მხოლოდ ქართველი მეწარმეებისთვის", - განაცხადა ხიდაშელმა.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტენდერი ცხადდება საქართველოში ნაწარმოებ ხორცზე და არა იმ ქართველ მეწარმეებზე, რომლებსაც შემოაქვთ ხორცი. აქედან გამომდინარე, ხიდაშელი მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, ყველამ მიიღოს ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, მინისტრი იმედოვნებს, რომ ქართული მედია უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მაქსიმალურ მიწოდებას ჩვენი მოსახლეობისთვის.  როგორც ხიდაშელმა განაცხადა, 2014 წელს 460 ტონა ხორცი მოიხმარა ქართულმა ჯარმა.