თბილისში VIKING Train-ში მონაწილეთა შეხვედრა გაიმართება

საერთაშორისო სატრანზიტო პროექტის, "კომბინირებული მატარებელი "ვიკინგი"-ის (VIKING Train) მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიების სამუშაო თათბირი 11-12 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო "მერკურში" გაიმართება.

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეების მიერ განიხილება ანგარიში პროექტის მიმდინარეობის და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე, მიღებული იქნება ახალი კონკურენტუნარიანი სატარიფო გადაწყვეტილებები, ასევე დღის წესრიგის თანახმად განხილული იქნება აზერბაიჯანული მხარის პროექტზე მიერთების საკითხი.

საქართველოს რკინიგზა VIKING Train-ის სრულუფლებიანი წევრი 2015 წლის აპრილში, ქ.ვილნიუსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა.  კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი VIKING Train წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვისა და თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს. იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ანალოგიურ სისტემებთან აკავშირებს. კომბინირებული სატრანსპორტო მატარებლის, "ვიკინგის" რეგულარული მოძრაობა 2003 წლის 6 თებერვალს დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა "ბალტიის ზღვა - შავი ზღვის" მიმართულებით საქონლის მიწოდების სქემის ოპტიმიზაციაზე, რეკომენდაციების შემუშავებაზე, შერეული (მულტიმოდალური) და ინტერმოდალური გადაზიდების სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის, საკონტეინერო და საკონტეილერო მატარებლების მარშუტების და ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე.  "პროექტში საქართველოს რკინიგზის მონაწილეობით შესაძლებელი ხდება საკონტეინერო სატრანზიტო გადაზიდვებში ამიერკავკასიის, შუა აზიის ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან, ბალტიისპირეთის და სკანდინავიურ ქვენყნებთან დაკავშირება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქატორია იმისათვის, რომ საქართველომ შეიძინოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია.  საქართველო გახდება "ვიკინგის" და "ტრასეკას" სატრანზიტო კორიდორის შემაერთებელი კვანძი,"-  აღნიშნულია პროექტის საკოორდინაციო საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.

ევროკავშირის სატრანსპორტის კომისიის მიერ კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი "ვიკინგი" დასახელებულია, როგორც საუკეთესო ევროპული პროექტი სატვირთო გადაზიდვების სექტორში.