ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაახანგრძლივებენ

მიუხედავად იმისა, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ მოსკოვი დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მაინც გაახანგრძლივებენ. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე დეკემბერში, ევროკავშირის სამიტზე ისაუბრებენ. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის სანქციების 3-4 თვით, 6 თვით ან 1 წლით გახანგრძლივება.

გამოცემასთან საუბარში ანონიმური ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე აშშ-ისა და ევროპის პოზიციის შეცვლა ზიანის მომტანი იქნებოდა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის. ბრიუსელი და ვაშინგტონი თანხმდებიან, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე უნდა გაგრძელდეს.