ოთარ დანელია: ღვინის ექსპორტის კუთხით წელს არის კლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ 2013 წლის პარამეტრებს დავუახლოვდებით

ღვინის ექსპორტის კუთხით შარშანდელი წელი იყო პიკური, მიმდინარე წელს არის კლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 2013 წლის პარამეტრებს დავუახლოვდებით, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ უწყების სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია დივერსიფიკაცია და ექსპორტის ხელშეწყობა ისეთ ქვეყნებში, სადაც ბაზარს ნაკლები რისკი ახლავს. "მინდა ხაზი გავუსვა, რომ ღვინოს ახასიათებს სპეციფიკა. როდესაც ის შედის ბაზარზე, სადაც ცნობადი არ არის, ძალიან დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს, ყველას დაუმტკიცოს, რომ ნამდვილად კარგია... ჩვენთვის პრიორიტეტულია დივერსიფიკაცია და ექსპორტის ხელშეწყობა ისეთ ქვეყნებში, სადაც ბაზარს ნაკლები რისკი ახლავს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ყველა ბაზარს შეიძლება თან ახლდეს რისკი. მაგალითად, უკრაინა ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო და უკვე ლამის მეექვსე ადგილს გასცდა. ამიტომ მნიშვნელოვანია თადარიგი დავიჭიროთ და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების დივერსიფიკაციას", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წელს ექსპორტირებული იყო 46,7 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 2-ჯერ აღემატებოდა 2012 წლის ექსპორტის მონაცემებს. 2014 წელს, ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის – 59 მლნ ბოთლი ღვინო გაიყიდა ექსპორტზე, 2015 წლის 11 თვის მონაცემებით კი, საქართველოდან ექსპორტირებულია 23 მლნ ბოთლი ღვინო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, 2014 წელს, პირველად საქართველოში, ვენახების კადასტრის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განხორციელდა, ხოლო 2015 წლიდან კახეთში, ყვარლის რაიონში მიმდინარეობს.