ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში პირველი ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში პირველი ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ფუნიკულიორზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ცერემონიალს ტურიზმის სფეროს, მათ შორის სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და ტურ-ოპერატორები დაესწრნენ. ღონისძიებაზე 300-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული. 21 ნომინაციაში ჟიურის წევრებმა სხვადასხვა კომპანიები გამოავლინეს. ღონისძიების მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობაა. დაჯილდოების ცერემონია ყოველ წელიწადს გაიმართება.

"მოხარული ვარ, რომ ვესწრები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელით, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს პირველი ეროვნული დაჯილდოების ცერემონიას ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში! ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია მზარდია და ზოგადად ტურიზმის მიმართულება ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.