ინფლაციის ზრდა ჩვენს ჯიბეებს საგრძნობლად შეამსუბუქებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კვარტლის დასაწყისში ყოველთვის აქვეყნებს "ინფლაციის მიმოხილვას", სადაც დეტალურად არის მოცემული პროგნოზი ინფლაციის მაჩვენებლების შესახებ.

აგვისტოს თვეში გამოქვეყნებული "მიმოხილვის" მიხედვით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ქვეყანაში 5% უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე 3 თვეა, რაც წლიური ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს აჭარბებს. მაგალითად, ოქტომბერში ინფლაციის დონემ 5,8%-ს მიაღწია. ეროვნული ბანკის შეფასებით, წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე 6%-მდე გაიზრდება, ხოლო მომავალი წლის პირველ კვარტალში ინფლაციის მაჩვენებელი 7%-ს გადააჭარბებს. ეს იმ ფონზე, როდესაც სებ-ი პერმანენტულად ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას: 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მონეტალური პოლიტიკის კოეფიციენტი კიდევ ერთხელ, 0,5%-ით გაიზარდა და 7,5%-ს მიაღწია. ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი ქვეყანაში კარგა ხანია არ ყოფილა. ინფლაციის ზრდის მთავარი მიზეზი სებ-ის შეფასებით "გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდაა. ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ელექტროენერგიის გადასახადის მატებას“...

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფლაციის ზრდა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობას და ჩვენს ჯიბეებს საგრძნობლად შეამსუბუქებს. ცხადია, რომ 7%-იანი ინფლაცია მოსახლეობის ცხოვრების დონეს კიდევ უფრო გააუარესებს.

ამ თვალსაზრისს იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

"ამ შემთხვევაში ხეირობს სახელმწიფო და შედარებით მაღალშემოსავლიანი ჯგუფები. ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია სოციალური დიფერენცირება და განსხვავებული შემოსავლის მქონე ადამიანებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. დაბალშემოსავლიან ადამიანს სურს თავისი შემოსავლით სურსათი მაინც შეიძინოს, ხოლო მაღალშემოსავლიან ფენას აქვს საიმისო სახსრები, რომ მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ სურსათზე, არამედ ფუფუნების საგნებზე, რომელთა ფასები კი არ იზრდება, არამედ მცირდება. ეს ეხება ელექტროსაქონელს, კომპიუტერულ ტექნიკას, ტურისტულ ვიზებს და ა.შ... მაგალითად, ზოგიერთმა ტურისტულმა ფირმამ საგრძნობლად გააიაფა საგზურები ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში. ამიტომ, მაღალშემოსავლიან ჯგუფებს ინფლაციის ტემპი უფრო ნაკლებად აწუხებს, ვიდრე დაბალშემოსავლიან ფენას, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტია", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, მართალია, ფასები გაიზარდა, მაგრამ ეს ზრდა ისე შესამჩნევი არ ყოფილა, როგორც ეროვნული ვალუტის დევალვაციის ტემპი. ამასაც აქვს თავისი მიზეზები.

"ლარის გაუფასურება რამდენჯერმე აღემატებოდა ინფლაციის ტემპს. ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე ქართული ლარი. მაგალითად, უკრაინიდან ზოგიერთი დასახელების საქონლის შემოტანა კი არ გაძვირდა, გაიაფდა, რადგან მათი გრივნა უფრო მეტად დაეცა აშშ-ის დოლართან შედარებით. იგივე მოხდა რუსეთშიც. თუ საშუალო შეწონილ კურსს ავიღებთ, ლარი ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში კი არ გაუფასურდა, არამედ გამყარდა კიდეც. როგორც წესი, ინფლაციის დროს ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიანი ფენა ზარალდება, თუმცა ჩვენს მოსახლეობას 6-7%-იანი ინფლაცია ნამდვილად ვერ გააკვირვებს: ყველას გვახსოვს 1990-იანი წლები, როცა ინფლაცია თვეში 56%-ს აღწევდა, წელიწადზე აღარაფერს ვიტყვი. მაღალი ინფლაცია არასასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ მაინც ყველაფერი შეფარდებითია: მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით 4%-იანი ინფლაციაა დაგეგმილი. მომდევნო წლებისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება და 3-3,5%-ზე შეიძლება ჩამოვიდეს. ამიტომ, მაინც და მაინც პესიმისტურად არ უნდა ვიყოთ განწყობილნი", - ამბობს სოსო არჩვაძე. 

"თავისუფალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე კი ფიქრობს, რომ ინფლაციური პროცესების გააქტიურება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია.

"ეს იმის ბრალია, რომ მოხდა ჩვენი ეროვნული ვალუტის სერიოზული დევალვაცია, რაც გამოწვეული იყო არასწორი პოლიტიკით და ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული სერიოზული შეცდომებით. როგორც ვიცი, გარდა სურსათისა, ფასებმა მოიმატა მედიკამენტებზე და სამედიცინო მომსახურებაზე. შესაბამისად, ინფლაცია განსაკუთრებით დააზიანებს პენსიონერებს და მოხუცებს, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ სამედიცინო მომსახურება და იმ ხალხს, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს. როგორც წესი, ინფლაცია ყოველთვის მტკივნეულია, მით უმეტეს, თუ ამის მიზეზი მონეტარული პოლიტიკაში არსებული ხარვეზებია. ინფლაციის ზრდა საქართველოში სწორედ მცდარი მონეტარული პოლიტიკის ბრალია.

დღეს რატომღაც მიაჩნიათ, რომ მცირე ინფლაცია კარგია და უნდა შენარჩუნდეს, სწორედ ამას ემსახურება ე.წ. გეგმური ინფლაციის არსებობაც. ეროვნულ ბანკიც, ფინანსთა სამინისტროც და მთავრობაც სწორედ ამ მოსაზრებას ემხრობიან, ამიტომ, საბოლოო ჯამში გაცილებით რთულ სიტუაციას ვიღებთ - ქვეყანაში ადგილი აქვს ლარის ხელოვნურ გაუფასურებას, ადამიანებს არა აქვთ მყარი გარანტია იმისა, რომ გარკვეული დროის შემდეგ მათ შემოსავალს იგივე მსყიდველობითი უნარი ექნება. ადამიანმა წლის დასაწყისში რომ დაზოგოს თანხა, წლის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ის პრაქტიკულად, განახევრებულია, ამ სიტუაციაში დანაზოგის შექმნას აზრი ეკარგება. ამიტომ, ხეირობენ მხოლოდ ისინი, ვისაც მუდმივად აქვს ინფორმაცია ვალუტის კურსის ცვლილებაზე. სწორედ ამიტომ, კომერციული ბანკების მოგება მიმდინარე წლის განმავლობაში ძალიან მაღალი იყო, მაშინ, როცა ბიზნესის და შედარებით მცირე საწარმოების მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა", - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

"თავისუფალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა მარტო დაბალშემოსავლიან ფენაზე კი არ იმოქმედებს, არამედ საშუალო ფენაზეც.

"საშუალო ფენას აქვს შემოსავალი, რომელსაც ის გამოიმუშავებს, მაგრამ ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის გამო მისი მსყიდველობითი უნარი მცირდება. მე ისიც არ მესმის, რატომ უნდა დაიგეგმოს წინასწარ ინფლაციის და ფასების დონე, თანაც, მთავრობის ეკონომიკური გუნდის პროგნოზი ხშირად არ ემთხვევა ეროვნული ბანკის პროგნოზს. ამ განსხვავების მიზეზი მათი განსხვავებული ხედვაა, საბოლოოდ კი, დაზარალებულის როლში ისევ საქართველოს მოსახლეობა გვევლინება", - ამბობს პაატა შეშელიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე